გიორგი გახარია - ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ჩვენ გავართვით თავი და ახლა ვიბრძვით მეორე, ეკონომიკის სწრაფი, ეფექტური აღორძინების მიმართულებით
ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ჩვენ გავართვით თავი და ეს საკოორდინაციო საბჭოს დიდი დამსახურებაა, ახლა ვიბრძვით მეორე ეკონომიკის სწრაფი, ეფექტური აღორძინების მიმართულებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო იყო ორგანო, რომელმაც გაუწია სრული, სისტემური კოორდინირება ყველა მიმართულებით პანდემიის შეჩერებისა და პანდემისთან ეფექტურად ბრძოლის საქმეს.
„ყოველთვის ვამბობდით, რომ პანდემიის მიმართულებით ჩვენ მოგვიწევს ორ ფრონტზე, ორი მიმართულებით ბრძოლა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის და რჩება – ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და შემდგომ ჩვენი ეკონომიკის აღორძინება, რასაც, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია, დღეს ვთქვათ, რომ პირველ ნაწილს, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ჩვენ გავართვით თავი და ეს ამ საბჭოს დიდი დამსახურებაა. ეს საბჭო იყო ორგანო, რომელმაც გაუწია სრული, სისტემური კოორდინირება ყველა მიმართულებით პანდემიის შეჩერებისა და პანდემისთან ეფექტურად ბრძოლის საქმეს. ჩვენ ახლა ვიბრძვით მეორე მიმართულებით, ეკონომიკის სწრაფი, ეფექტური აღორძინების მიმართულებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან უკიდურესად არის დაკავშირებული“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მისი თქმით, გაიხსნა ახალი – პოლიტიკური ფრონტი.
„ჩვენ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური ფრონტი, რაღაც პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება, დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ერთმნიშვნელოვნად მინდა, რომ ყველამ იცოდეს, რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მთავრობამ და ხელისუფლებამ იზრუნოს პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.