გიორგი გახარია აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა განიხილეს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მთავრობის დადგენილებით შენარჩუნებული რიგი შეზღუდვები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად მათი ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობები.
„ხელისუფლება აცნობიერებს მოქმედი შეზღუდვებით, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებით, მოსახლებისთვის შექმნილ სირთულეებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული ნაბიჯები მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საფრთხეების მაქსიმალურად არიდებას და კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით მიღწეული პოზიტიური შედეგების შენარჩუნებას ემსახურება“, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის.
ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სამედიცინო პერსონალი, სოფლებში დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარებას განაგრძობს, მიმდინარეობს მოსახლეობის ტესტირება. საკარანტინო შეზღუდვების აღსრულების პროცესს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ადგილზე აკონტროლებენ.
რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 731 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 526 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. გარდაცვლილია 12 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3 076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 300 პირი.
პრემიერის პრესსამსახურის მონაცემებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.