გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ლელოს“ ერთ-ერთი პირობა იყო, საარჩევნო სიაში თავად გახარია არ ყოფილიყო
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ლელოს“ მხრიდან ერთ-ერთი პირობა იყო, თავად გახარია არ ყოფილიყო საარჩევნო სიაში. გახარიას თქმით, იგი ამ პუნქტს დათანხმდა.
„ერთ-ერთი ასეთი პუნქტი იყო, რომ, მაგალითად, გახარია არ უნდა იყოს სიაში. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა მე დამიცვა, ისეთი სიდიდის და მნიშვნელობის საკითხი იყო მაგიდაზე, რომ მე დავთანხმდი ამას. მე მარტო არ ვარ, მე არასოდეს არ ვამბობ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ვარ მარტო მე. ჩემ უკან უზარმაზარი გუნდია და თქვენ თუ დააკვირდებით, სხვა ბევრი პარტიისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი არის ძალიან მდგრადი. დაახლოებით 10 წელი ჩვენ ერთად ვშრომობთ, ჩვენ ეს შრომა დავიწყეთ „ოცნებიდან“, მათ შორის, შემდგომ ეკონომიკის სამინისტროში ვიყავით, შემდეგ შსს, მერე უკვე მთავრობა.
დამჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა და ბევრი ვერ დავარწმუნე. მე ამ ადამიანებს ვესაუბრებოდი, რომ, მეგობრებო, თქვენ შეიძლება მოგიწიოთ სიაში შესვლა, სადაც მე ვერ ვიქნები და ბევრმა უარი თქვა. ზოგი ადამიანი ამის წინააღმდეგი იყო. ასეთ გადაწყვეტილებებს მომზადება სჭირდება. მაშინ, როდესაც ადამიანები უკვე საბუთებს აგროვებენ, ეს პროცესი დაწყებულია, ჩვენი ამ ეტაპზე მოლაპარაკებებისთვის წერტილის დასმა განსაზღვრული იყო არა მხოლოდ იმ წინააღმდეგობებით, რომელიც მოლაპარაკებაში იყო, არამედ ვადებითაც. ახლა ამას მეორე მხარე რატომღაც არ ამბობს, რადგან მათ ჰგონიათ, რომ მედიის წნეხის გაზრდით კარგ შედეგებს მიაღწევენ. ვერ მიაღწევენ, შეიძლება ყველანი დავზიანდეთ“, – აღნიშნა გახარიამ პარტიის, „საქართველოსთვის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.