გიორგი გახარია აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში აუცილებელი საჭირო მარაგები არსებობს, რომელიც მუდმივად ივსება
გიორგი გახარია აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში აუცილებელი საჭირო მარაგები არსებობს, რომელიც მუდმივად ივსება

დღეის მდგომარეობით ქვეყანაში აუცილებელი საჭირო მარაგები არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამედიცინო აღჭურვილობის რაოდენობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს საჭირო მარაგები, რომელიც მუდმივად ივსება.

„ჩვენ მთავრობის დონეზე გამოვყავით რამდენიმე კრიტიკული მნიშვნელობის მიმართულება, რაზეც ვთქვით, რომ ეს ის სისტემური მიმართულებებია, რომელთა სწორად მართვის პირობებში ჩვენ „კოვიდ-19“-ს გავუმკლავდებოდით და ვთქვით, რომ პირველი იყო ჯანმრთელობა, მეორე – მარაგების მართვა და აქ შედის სწორედ სამედიცინო მარაგების მართვაც. ეს ჩაბარებული აქვს ლევან დავითაშვილს და მინდა გითხრათ, რომ სულ უკეთ და უკეთ მიმდინარეობს ეს პროცესი და დღეს არსებობს საჭირო მარაგები და ეს მარაგები მუდმივად ივსება. სწორედ ამიტომ გახლდით ჩვენ დღეს ბათუმის პორტში და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საპორტო ინფრასტრუქტურა არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც არც ერთი წუთით არ გაჩერდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელმაც ქვეყანა უნდა მოამარაგოს როგორც აუცილებელი საკვები პროდუქტებით, ასევე სამედიცინო მასალებითა და აღჭურვილობებით.

„სწორედ ამიტომ ვიყავით ჩვენ დღეს, რომ შეგვემოწმებინა როგორ გამართულად მუშაობს პირველ რიგში და განსაკუთრებით საკონტეინერო ტერმინალი, ისევე როგორც ბათუმის და ფოთის. ჩვენთვის ეს უკიდურესი აუცილებლობაა და უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის არხებია, რომლითაც ჩვენს ქვეყანას ვამარაგებთ, ასევე ჩვენს მეზობლებს, ესეც ჩვენი დიდი პასუხუსმგებლობაა, რამეთუ გამოდის, რომ საზღვაო კავშირი დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი ბათუმის პორტში დღეს ორ გემს დახვდა, რომლითაც ქვეყანაში ჯამურად 63 000 კგ საკვები პროდუქტი და მედიკამენტები შემოვიდა