გიორგი გახარია - 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი გაერო-ს რეზოლუცია უპრეცედენტო, 84 ხმით გავიდა, ეს არის ჩვენი დიპლომატიის გამარჯვება
სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე, რომელიც პირველად ჩატარდა ფიზიკურად, ამ გლობალური პანდემიის შემდგომ, 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული, საქართველოში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების მხარდამჭერი რეზოლუცია უპრეცედენტო, 84 ხმით გავიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა დუგლაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ფაქტი ქართული დიპლომატიის გამარჯვებად და იმის დასტურად შეაფასა, რომ საქართველოს აქვს გლობალურად, სამართლიანი საერთაშორისო მხარდაჭერა იმ მიმართულებით, რომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს.
„მოგესალმებით ხაშურელებო და არა მხოლოდ ხაშურელებო, ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ, ჩვენი გუნდის და ჩვენი კანდიდატის გულშემატკივრებს. დღეს ხაშურში სიმბოლურია, რომ დიმიტრი ყიფიანის განახლებულ სახლ-მუზეუმში ვიმყოფებით. ეს დიდი პატივია და დიდი წარსულია, რომელსაც გაფრთხილება და ღირსეული გაგრძელება სჭირდება. დღეს ხაშურში ვართ, ქართლში ვართ და არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ოკუპაცია. არ შეიძლება, არ გავიხსენოთ, რომ დღეს ქვეყანაში გვყავს სამშობლოში დევნილი ათობით ათასი ადამიანი და განსაკუთრებით დღეს უნდა გავიხსენოთ ეს, რადგან სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე, რომელიც პირველად ჩატარდა ფიზიკურად, ამ გლობალური პანდემიის შემდგომ, 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული, საქართველოში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების მხარდამჭერი რეზოლუცია, უპრეცედენტო 84 ხმით გავიდა, ეს ნიშნავს ჩვენი დიპლომატიის გამარჯვებას და ადასტურებს, რომ ჩვენ გლობალურად საერთაშორისო სამართლიანი მხარდაჭერა გვაქვს იმ მიმართულებით რომ ჩვენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.