მე და კახიმ ბოლო ორი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, მოვიარეთ მთელი საქართველო ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს გუნდთან ერთად და რეალურად მინდა გითხრათ, რომ ის მხარდაჭერა, რომელიც ვიგრძენით არის ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა, ქვეყნის აღმშენებლობა უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის აღმშენებლობა უნდა გაგრძელდეს ისე, როგორც ხელისუფლება ამას ბოლო რვა წლის განმავლობაში აკეთებდა, პირველ რიგში, ადამიანის ღირსების გაფრთხილებით.
„ქვეყნის აღმშენებლობა უნდა გაგრძელდეს ზუსტად ისე, როგორც ამას ვაკეთებდით ბოლო რვა წლის განმავლობაში, პირველ რიგში ისე, რომ ადამიანი ყოველთვის იყოს ჩვენს ყურადღების ცენტრში, ისე, რომ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, პირბადის გაკეთება, ასეთი მარტივი რამ არა თავის დაცვა, არამედ ჩვენი თანამოქალაქის და ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების დაცვაა. ესაა ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ყოველთვის გვქონდა და რომლითაც უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, შრომა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, შემდგომი ოთხი წელი იქნება გამოწვევებით სავსე და ჩვენ ყველანი ვხედავთ, უაღრესად არაორდინალურ სიტუაციაში გვიწევს ამ კამპანიის ჩატარება, პირბადეებით და კიდევ ბევრი სხვა შეზღუდვებით, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის, როგორც ჩვენ გამოვიარეთ ბოლო 5-6 თვე, არის ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი მომავალი ეკონომიკური განვითარების წინაშე და ეს ის შესაძლებლობაა, რომლითაც შეიძლება ეს კრიზისი ვაქციოთ თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის შესაძლებლობად. შეგვიძლია გავიმარჯვოთ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ისე, როგორც ბევრმა, ძალიან ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ შეძლო და რა არის ამის ყველაზე დიდი საფუძველი, ესაა ჩვენი ერთიანობა. ჩვენ საერთოდ გვახასიათებს, როდესაც გაჭირვება და ბრძოლაა, მაშინ გაერთიანება. განსაკუთრებით, ეს გაერთიანება ჩვენ გვჭირდება დღეს, როდესაც ორ დღეში ჩვენ უნდა გავაკეთოთ ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი არჩევანი. ეს არჩევანი არ არის მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე პარტიის ან პარტიული ძალის არჩევანი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის მომავალი წლების განმავლობაში ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების არჩევანი. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გაკეთებულ საქმეზე ვართ ორიენტირებულები და თუნდაც ამ გაკეთებულ საქმეს აქ, თბილისში ყველანი კარგად ხედავთ,“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, შემდგომ ოთხი წელიწადში, ქვეყანა მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, ევროპულ ფასეულობებს, ევროპულ ინფრასტრუქტურას, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე.
„ჩვენ მთაწმინდა-კრწანისის რაიონში ვიმყოფებით, სადაც თბილისის უძველესი უბნებია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ის რესტავრირებული სახლი, უბანი, პატარა ქუჩა, რომელსაც მერია ახორციელებს, არის ჩვენი მომავლისთვის გაღებული ენერგია, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ ხვალინდელი დღისთვის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ პირველი ნოემბრიდან, მას შემდგომ, რაც თქვენთან ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ გეგმა გვაქვს ყოველი დღის, ყოველ დღე რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო და მიზანი იქნება ის, რომ საბოლოოდ შემდგომ ოთხ წელიწადში, ქვეყანა მაქსიმალურად დავაახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს, ევროპულ ფასეულობებს, ევროპულ ინფრასტრუქტურას, განათლებას, სკოლებს, მედიცინას იმისთვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად 2024 წელს შევძლოთ გავაკეთოთ განაცხადი, საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ ეს არის ჩვენი ხალხის მიზანიც და ოცნებაც და ეს არის ის მიზანი, რომელსაც ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ 2024 წლისთვის. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ ქვეყანა ამ ღირსეული და გმირული ნაბიჯისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ყველა გამარჯვებისას, ყველა მარცხისას, ყველა გამოწვევისას, არ უნდა დავივიწყოთ ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა – ოკუპაცია.
„ჩვენ ყოველთვის ვიზრუნებთ ჩვენს დევნილებზე, ჩვენს სამშობლოში დევნილ ადამიანებზე, მათ საცხოვრებელ პირობებზე, მაგრამ საბოლოო მიზანი არის ქვეყნის გამთლიანება, გამთლიანება მშვიდობით, გონივრულად. მე ხშირად მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ ჩვენი მიწის მხოლოდ და მხოლოდ 20 პროცენტის ოკუპაციაზე, ვსაუბრობთ ქვეყნის განვითარების შეზღუდულობაზე, ვსაუბრობთ ადამიანების, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ჩვენთან ერთად შეზღუდულ განვითარებაზე. ეს ერთიანობა, მერწმუნეთ, კიდევ უფრო გააძლიერებს და კიდევ უფრო მეტ რესურსს მისცემს ქვეყანას შემდგომი განვითარებისთვის. ყველანი ერთად, 31 ოქტომბერს,გავიმარჯვებთ, ჩვენ ამ მხარდაჭერას ვგრძნობთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ უნდა გავიმარჯვოთ ღირსეულად და სამართლიან ბრძოლაში,“- განაცხადა პრემიერმა.