გიორგი გახარია - 2021 წლის ბიუჯეტი არის დაბალანსებული, რომლის მიზნებია პანდემიასთან ბრძოლა, სოციალური დახმარება, ეკონომიკის მომზადება პოსტკრიზისული აღდგენისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, ბიუჯეტი არის დაბალანსებული, რომლის ძირითადი მიზნებია პანდემიასთან ბრძოლა, მოსახლეობისთვის მიზნობრივი სოციალური დახმარება, ბიზნესის დახმარება და ეკონომიკის მომზადება პოსტკრიზისული აღდგენისთვის.
„მოგეხსენებათ, ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 2021 წელს, ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება ქვეყანა ერთი წლის შემდეგ. ბიუჯეტი გახლავთ დაბალანსებული, რომლის ძირითადი მიზნებია პანდემიასთან ბრძოლა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, დახმარება ბიზნესისთვის და, რა თქმა უნდა, ეკონომიკის მომზადება პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის. ეს არის ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ სავალუტო ფინდთან ერთად. წარმოდგენილია დაბალანსებული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია კრიზისში, აუცილებელია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში.
მოგეხსენებათ, ჩვენ გამოვაცხადეთ მოსახლეობის სოციალური, მიზნობრივი მხარდაჭერის და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ტალღა, რომლის ძირითადი მოცულობა გახლავთ მილიარდ 420 მილიონი, აქედან 2020 წლისთვის განსაზღვრულია 280 მილიონი, ხოლო დანარჩენი მილიარდ 140 მილიონი გათვალისწინებულია 2021 წლის ბიუჯეტში. ამ ციფრების ძირითადი მიმართულება გახლავთ პირველ რიგში ჯანდაცვის მხარდაჭერა, მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით განისაზღვრება 450 მილიონი ლარით, რომლის ძირითადი ხარჯები გახლავთ კოვიდის მკურნალობა, ტესტები, ვაქცინაცია და ვაქცინაციის მომზადება, ასევე ვაქცინების შესყიდვა, რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების პრევენცია. მიზნობრივი მხარდაჭერისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 540 მილიონი, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 430 მილიონი ლარი. “, – განაცხადა გახარიამ.