გიორგი გახარია - 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარით
2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, ისეთი გამოწვევები, ისეთი კრიზისები, რომლებიც გახლავთ გლობალური პანდემია, შეუძლებელია, გადალახული იყოს ერთ თვეში, ორ თვეში, ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში. ამ გლობალური პანდემიის შედეგებს მოგვიწევს, გავუმკლავდეთ წლების განმავლობაში და შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ დღესვე გვეზრუნა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გვეფიქრა და შეგვეთანხმებინა მათთან, ჩვენს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე, სოციალურად დაუცველ ჯგუფზე, ჩვენს პენსიონერებზე ზრუნვის გარკვეული მექანიზმები, რომლებიც იქნება გამყარებული საკანონმდებლო დონეზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით.
„ამ მუშაობის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა პენსიონრის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, რაც ფაქტობრივად, უზღვევს ფასების ზრდას პენსიონერებს პენსიის სახით. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით და ამასთან ერთად, 70 წელს ზემოთ პენსიონერები, გარდა ინფლაციის პროცენტული რაოდენობის ზრდისა, ასევე ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტით მიიღებენ პენსიის ზრდის შესაძლებლობას, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ 2021 წლიდან, გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარით. ეს არის ქვედა ზღვარი, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ჩვენს პენსიონერს უზღვევს ინფლაციის რისკებს. ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ ჩვენ პენსიონერების საკმაოდ დიდი სოციალური ჯგუფი გყვავს და ამას აქვს ძალზედ დიდი მნიშვნელობა სოციალური მდგრადობის თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.