გიორგი გახარია - 2020 წლის არჩევნები არ იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება, ის ქვეყნის გამარჯვება იქნება
ეს იქნება ყველაზე დემოკრატიული არჩევნები ქვეყანაში. ეს არ იქნება რომელიმე პარტიის, ამ შემთხვევაში მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება, არამედ ქვეყნის გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა გაგრძელდეს ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ყველა საქმე, რომელიც დაწყებულია და ყველამ ერთად უნდა იშრომოს საქართველოს წარმატებისთვის.
„მოგეხსენებათ, ირაკლი ქადაგიშვილი შრომობდა, როგორც კახეთის გუბერნატორი, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მან დეტალურად იცის ყველა რაიონში სად რა პრობლემაა, სად რა არის გასაკეთებელი, რას ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები და მოსახლეობა, ასე რომ ის უკვე პარლამენტის ტრიბუნიდან შეძლებს იმ პრობლემების მოგვარებას რაც ამ რეგიონს ეხება. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კამპანიის დაწყებაში ჩემთვის არის რამდენიმე რამ, პირველი – ქვეყნისთვის ბევრი უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დაწყებული და ეს ყველაფერი არის გასაგრძელებელი, ლოგიკურ დასრულებამდე მისაყვანი და მეორე – ჩვენ ყველამ ერთად, ერთად და კიდევ ერთხელ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიზრუნოთ საქართველოს წარმატებისთვის, ეს არის ჩვენი სლოგანიც და მიზანიც და ვფიქრობ, ეს უნდა იყოს და იქნება ყველაზე სუფთა, ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე წარმატებული არჩევნები ქვეყანაში. ეს არ იქნება რომელიმე პარტიის, ამ შემთხვევაში მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება, არამედ ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.