გიორგი გახარია - 2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს ჯანდაცვის დაფინანსება არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი
გიორგი გახარია - 2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს ჯანდაცვის დაფინანსება არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი

მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის შემდგომ და დღევანდელი ფაქტით, საქართველოს ბიუჯეტის 1/3 არის მიმართული სოციალური ხარჯებისთვის, რაც აქამდე ასე არ იყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს კი ეს არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი.

„2013 წელს საქართველოში საბავშვო ბაღები გახდა უფასო, მას შემდეგ მთავრობამ იზრუნა, რომ  მშობლებს ყოველწლიურად ბავშვების სკოლაში გაშვებისთვის წიგნებში ფული არ ეხადათ, საქართველოს მთავრობამ იზრუნა, რომ ბავშვები, განსაკუთრებით მთიან და აგრარულ რაიონებში, სკოლებში მიგვეყვანა, ეს ყოველდღიურად მშობლების ჯიბიდან ამოღებული ფული იყო და ეს არის 100 მლნ მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების ნაწილში. არავის ახსოვს ის ცვლილებები, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში განხორციელდა, 2012 წელს ჯანდაცვის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს ეს არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი და მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სისტემა, როგორც სტრუქტურული ერთეული, საერთოდ არ არსებობდა. გაჭირვებული ადამიანი, შვილისთვის ან ოჯახის წევრისთვის ოპერაცია რომ გაეკეთებინა, სახლს ყიდდა და უკიდურესი სიღატაკისთვის იყო სამუდამოდ განწირული,“ – აღნიშნა პრემიერმა.