გიორგი გახარია - 200 ბავშვსა და 250 ზრდასრულზე გათვლილი სამედიცინო ცენტრი აშშ-საქართველოს სისტემური თანამშრომლობის შედეგია
შთამბეჭდავია ეს ყველაფერი. 200 ბავშვსა და 250 ზრდასრულზე გათვლილი სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრი არის ერთობლივი მიღწევა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა პროექტში მონაწილე პირებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, აშშ-ის მთავრობას გადავუხადო მადლობა. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა სისტემური თანამშრომლობის გარეშე. ეს სარეაბილიტაციო ცენტრი სრულად იქნება ორიენტირებული ფუნქციურ დამოუკიდებლობაზე შეზღუდული შესაძლებლობების და ამაზე დიდი მიზანი, რომ შშმ პირები ჩვენი ყოველდღიური, ნორმალური ცხოვრების ღირსეულ პარტნიორებად გავხადოთ, არ არსებობს. ეს არის სახელმწიფოს, თოთოეული ჩვენი მოქალაქის მიზანი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ცენტრი იყოს წარმატებული და გარდა იმისა, რომ მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობაც. შეუძლებელია ხაზგასმით არ აღვნიშნო USAID-ის წვლილი ამ პროექტის დასრულებაში. აშშ USAID-ის დახმარებით ბევრს გვეხმარება ბოლო წლების განმავლობაში. ჯამური შეფასება ამ დახმარების მილიარდნახევარზე მეტია, თუმცა ეს არ განისაზღვრება ფინანსების რაოდენობით. აქ ყველაზე მთავარია ის წვლილი, რომელსაც USAID და აშშ-ის მთავრობა ქართული დემოკრატიის კონსოლიდირების მიმართულებით აკეთებენ. ინსტიტუტების, ჩვენი განათლების სისტემის, სამედიცინო სისტემის სიძლიერე გზას უხსნის და ქართულ დემოკრატიას ხდის უფრო და უფრო წარმატებულს“, – განაცხადა გახარიამ.
თბილისში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დაესწრნენ. კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა 2020 წლის პირველი ივლისიდან თბილისში უკვე აწვდის სარეაბილიტაციო მომსახურებას ბავშვებსა და მოზარდებს. ცენტრში დასაქმებულნი არიან USAID-ისა და EMORY-ის „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის“ სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული ადგილობრივი სპეციალისტები. მათთან ერთად სარეაბილიტაციო მკურნალობაში ჩართულნი არიან ემორის უნივერსიტეტის რეაბილიტოლოგები.