გიორგი გახარია - 20 ივნისიდან რამდენი წელიც უნდა გავიდეს, ჩემთვის მთავარია, რომ ეს იყო ქმედება, რომლითაც სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, დაკითხვაზე ორჯერ მაინც იმყოფებოდა.
გახარიას თქმით, ბევრი კითხვა იქნება, თუმცა მისთვის მთავარია, რომ 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდეს დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა.
„ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ორჯერ ნამდვილად ვარ ნამყოფი დაკითხვაზე. სამწუხაროდ, უკვე 8 თვე გავიდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ ვარ და რაღაცები მეხსიერებაში, ხომ იცით, იშლება. 20 ივნისთან დაკავშირებით, უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება – ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით… ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. ეს ჩემთვის არის მეორეხარისხოვანი. არ არის ჩემთვის მთავარი. ჩემთვის მთავარი არის ის, რომ 20 ივნისს ერთი წელი გავა, ორი წელი გავა, თუ ბევრი წელი გავა, ამის შემდეგ ეს იყო ქმედება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდეს დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა.
ეს იყო პარლამენტზე შტურმი, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მისმა თითოეულმა თანამშრომელმა, მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა. ეს იყო მათი მოვალეობა, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ და მათ ეს გააკეთეს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.