20 ივნისი ჩემი ტვირთია და მე ვატარებ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „საქართველოსათვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა.
ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გიორგი გახარიამ უარყო, რომ არც ერთ შემთხვევაში არანაირი შეზღუდვა არც შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე, ან ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე არ ჰქონია.
„20 ივნისთან დაკავშირებით მე რამდენიმეჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ჩემი ტვირთია და მე ამ ტვირთს ვატარებ. მე მაშინ ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი. მაშინ ბიძინა ივანიშვილი იყო პარტიის თავჯდომარე – არც ერთ შემთხვევაში მე არანაირი შეზღუდვა არც შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე, ან ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე არ მქონია. არ ყოფილა შემთხვევა რომ პარტიის მაშინდელი თავჯდომარე – ბიძინა ივანიშვილი ჩემს პირდაპირ მოვალეობაში ჩარეულიყო“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, 20 ივნისის ოპერაციაზე მთელი პასუხისმგებლობა მასზეა.
„რა თქმა უნდა, ასე იყო. მე ვარ ის საჯარო მოხელე, რომელიც როგორც კი არალეგიტიმურად მის პირდაპირ მოვალეობაში, პასუხისმგებლობის ზონაში ერევიან და მე არ მაქვს შესაძლებლობა, რომ ლაპარაკისა და მოლაპარაკებების საფუძველზე კომპრომისს მივაღწიო, რა თქმა უნდა, გადავდგები, ვინც არ უნდა იყოს ეს – ბიძინა ივანიშვილი ან კიდევ ვიღაც სხვა. არ აქვს ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა. რომ ამოვწუროთ ეს თემა, მე დღეს ვარ ოპოზიციურ ფლანგზე. ჩემი კონკურენტების ერთი ნაწილი არის ხელისუფლებაში და დაიწყონ გამოძიება როგორიც უნდათ, მეორე ნაწილი არის პარლამენტში და შექმნან კომისია – ეს არ არის ჩემთვის პრობლემა. ეს იქნება ჩემი მოქმედების ღირებულება ყოველ ნაბიჯზე, რადგან არ მაქვს ამის შიში. ყოველთვის, როცა რაღაცას ვაკეთებ, ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.