გიორგი გახარია - 18 წლამდე ბავშვების 200-ლარიან სოციალურ დახმარებაზე 857 000 განაცხადია შემოსული, განცხადებების დაკმაყოფილება დაიწყო დღეიდან
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის ნაბიჯებს, განსაკუთრებით, ბავშვების. დღეის მდგომარეობით, 18 წლამდე ბავშვების 200-ლარიან სოციალურ დახმარებაზე 857 000 განაცხადია შემოსული. ამ განცხადებების დაკმაყოფილება დაიწყო დღეიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა სამინისტროებს ევალებათ, ერთ კვირაში სრულად დასრულდეს მოქალაქეების ანგარიშებზე სოციალური განაცემების გადარიცხვა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რეგისტრაცია გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე და ახალი განცხადებებიც ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდება.
„შესაბამის უწყებებს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროში ევალებათ ერთ კვირაში სრულად დასრულდეს მოქალაქეების ანგარიშებზე სოციალური განაცემების გადარიცხვა, რათა სოციალურ ფაქტორთან ერთად, მნიშვნელოვანია, ეს დახმარება ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ სასწავლო წლის დაწყებამდე. მოგეხსენებათ, რეგისტრაცია გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე და ახალი განაცხადებიც, რომლებიც ეტაპობრივად შემოვა პირველ დეკემბრამდე, რა თქმა უნდა, იქნება უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილებული, რაც ნიშნავს, რომ ახალშობილებიც პირველ დეკემბრამდე ამ დახმარებას მიიღებენ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.