გიორგი გახარია - 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი დაიწყება, ეს დამატებითი წნეხი იქნება მობილობის ზრდაზე და მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან
ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გევალებათ, დღეიდან კიდევ უფრო გაამკაცროთ კონტროლი იმ მოთხოვნების, რომელიც საკანონმდებლო დონეზე არის დაწესებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 სექტებერს სკოლებში იწყება სწავლა, რაც კიდევ უფრო გაზრდის მობილობას და თითოეულ მოქალაქეს უფრო მეტი პასუხისმგებლობა მართებს.
„უნდა გვახსოვდეს, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი დაიწყება კლასებში და ჩვენი ბავშვები უკვე სრულად 15 სექტემბრიდან ივლიან სკოლებში. ეს კიდევ დამატებითი წნეხი იქნება მობილობის ზრდაზე, ამიტომ კიდევ მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან. ამიტომ შესაბამის სამინისტროებს, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გევალებათ, დღეიდან კიდევ უფრო გაამკაცროთ კონტროლი იმ მოთხოვნების, რომელიც საკანონმდებლო დონეზე არის დაწესებული. პირველ რიგში, ეს არის პირბადეები დახურულ სივრცეებში და რა თქმა უნდა, სოციალური დისტანცია. ეს ყველაფერი გვჭირდება, რათა ყველამ ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, შევინარჩუნოთ ის მიღწევა, რომელიც გვაქვს ეპიდემიოლოგიური მართვის სწორი ნაბიჯების გადადგმის შედეგად, ასევე ეკონომიკური დარტყმისა და ეკონომიკური კრიზისის შერბილების მიმართულებით. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი სამუშაო ადგილების შენარჩუნების და საერთოდ, ქვეყნის წარმატებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.