გიორგი გახარია - 14 წლამდე მოზარდები მსუბუქი დანაშაულისთვის პასუხს საერთოდ არ აგებენ, მათთან შსს ვერ მუშაობს, რაც სწორია
14 წლამდე მოზარდები მსუბუქი დანაშაულისთვის პასუხს საერთოდ არ აგებენ, მათთან შსს საერთოდ ვერ მუშაობს, რაც სწორია, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“.
იმედა დარსალიას შეკითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში 14 წლამდე მოზარდების მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახშირდა, იგეგმება თუ არა დამატებითი მექანიზმის ამოქმედება, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ისინი მეექვსე-მეშვიდე კლასის მოსწავლეები არიან და მათთან მუშაობის ძირითადი ამოცანა პედაგოგების ამოცანაა.
„ალბათ, სწორია, რომ 14 წლამდე მოზარდებთან, მეექვსე-მეშვიდე კლასის მოსწავლეებთან, პირველ რიგში, პედაგოგები მუშაობდნენ. ჩვენ კანონმდებლობის იმ ჩარჩოში ვართ, როდესაც 14 წლამდე მოზარდები დანაშაულს ჩადიან, ფაქტს ვაფიქსირებთ, იდენტიფიცირებას ვახდენთ და ვუშვებთ, იქიდან გამომდინარე, რომ 14 წლამდე მოზარდებს არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ“, – განაცხადა გახარიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფერირების სისტემა, რომელსაც განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები მართავს, მისახედია და მის ამუშავებას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება.