გიორგი გახარია - 12 000-ზე მეტი ადამიანის სამშობლოში დაბრუნება არ არის მარტივი საქმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიმდინარე კრიზისში ხარ, თუმცა ეს იყო ჩვენი ვალდებულება
როცა საყვედურია სათქმელი, საყვედურის თქმაც შეგვიძლია და როცა მადლობაა სათქმელი, მადლობაც შეგვიძლია. როცა ავიაკომპანიას საყვედური ეკუთვნოდა საყვედური ვუთხარით, ამ შემთხვევაში ეკუთვნის მადლობა და რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისთვის, რომ მართლა ეფექტური თანამშრომლობა გამოგვივიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 12 000-ზე მეტი ადამიანის შეღავათიანი პირობებით, ორგანიზებულად საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნება არ არის მარტივი საქმე თუმცა, ეს იყო მთავრობის ვალდებულება.
„12 000-ზე მეტი ადამიანის შეღავათიანი პირობებით, ორგანიზებულად საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნება არ არის მარტივი საქმე, განსაკუთრებით მაშინ როცა მიმდინარე კრიზისში ხარ, მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლის ეტაპზე ხარ. საკმაოდ რთული იყო ეს ყველაფერი, თუმცა ეს იყო ჩვენი ვალდებულება, რასაც ვაკეთებდით. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ახალგაზრდები, რომლებიც ამერიკიდან ჩამოვიყვანეთ. ფაქტობრივად იყო დაგეგმილი ერთობლივი სპეციალური ღონისძიება ამერიკის მთავრობასთან ერთად, ჩვენს მეზობლებსაც მივეხმარეთ. ახლა ერთი სული გვაქვს და დარწმუნებული ვართ, ამ ახალგაზრდებსაც რომლებიც იქ განათლებას იღებდნენ ერთი სული აქვთ როდის დამთავრება ეს ყველაფერი და ასევე, დაგაბრუნებთ უკან, რადგან უნდა მიიღოთ კარგი განათლება და დაბრუნდეთ ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.