გიორგი გაგნიძე - ჩვენ გვაქვს აღებული მთელი მსოფლიოდან საუკეთესო მოდელები ყველა სფეროს რეფორმისთვის, ეს მოდელები მორგებულია საქართველოზე და ამის გათვალისწინება ათწლეულებს დაგვაზოგინებს
ჩვენ მოგვბეზრდა ერთი და იგივე, რასაც მოსახლეობა ისმენს, სიტყვებსაც კი არ ცვლიან, 22 წელი გავიდა და ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ, – განაცხადა პარტია „შეცვალე საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი გაგნიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“.
„ჩვენ გვაქვს აღებული მთელი მსოფლიოდან საუკეთესო მოდელები ყველა სფეროს რეფორმისთვის, ეს მოდელები მორგებულია საქართველოზე და ამ წარმატებული მოდელების გათვალისწინება, რომელი ქვეყნებიდანაც ავიღეთ, ათწლეულებს დაგვაზოგინებს. მთავარია, წარსულს ჩავაბაროთ ნაც-ქოცური რეჟიმი. „ნაციონალები“ რომ წავიდნენ და „ოცნება“ მოვიყვანეთ, მათ რეალურად ვერაფერი ვერ შეცვალეს. უბრალოდ, ადგილმონაცვლეობა შეიცვალა. ამას რომ ვხედავთ ჩვეულებრივი ხალხი, გვაქვს ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა და ამ პროტესტის გრძნობის გამო მე, უბრალო ადამიანმა, რომელსაც ექვსი წლის განმავლობაში ტელევიზორიც კი არ ჰქონდა ჩართული, იმიტომ, რომ ეზიზღებოდა ეს პოლიტიკოსები, საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე, ენთუზიაზმზე შემექმნა „შეცვალე საქართველო“. როგორ შეიძლება, ასეთ ქვეყანას სიღარიბის პრობლემა ჰქონდეს?“ – განაცხადა გაგნიძემ.
მისი თქმით, პარტია „შეცვალე საქართველო“ ასი პროცენტით დაფუძნებულია პოლიტიკური წარსულისგან თავისუფალი ხალხის მიერ და ეს მოდელი აღებულია ისლანდიიდან, სადაც ე.წ. ჩუმი რევოლუცია მოხდა, რაც გულისხმობდა იმას, რომ, უბრალოდ, ხალხი გამოვიდა, თვითონ დააორგანიზა ყველაფერი, კონსტიტუცია გადაწერეს და დღეს მათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კონსტიტუცია აქვთ. „ეს არის ჩვენი მთავარი მიდგომა“, – განაცხადა გაგნიძემ.