კვირიკაშვილი - თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა, თუ არადა გამობრძანდეს გაჩეჩილაძე და ბოდიში მოიხადოს
გია გაჩეჩილაძეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს და თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში, გამობრძანდეს და ბოდიში მოუხადოს ყველას, მათ შორის მეც და ტარიელ ხეჩიკაშვილსაც, – ასე უპასუხა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის, „უცნობის“ მიერ მის მიმართ არსებულ ბრალდებებს.
„მას შეუძლია, მიმართოს სასამართლოს. თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მზად ვარ, ავიღო ნებისმიერი პასუხისმგებლობა, მათ შორის, დავტოვო ჩემი თანამდებობა, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის დაცვით ჩატარებული, გამობრძანდეს ბატონი გია გაჩეჩილაძე და მოუხადოს ბოდიში ტარიელ ხეჩიკაშვილს და ყველას, მათ შორის მეც“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ხსენებულ ტენდერთან დაკავშირებით კანონი ზედმიწევნით იყო დაცული.
„დაწვრილებით გავეცანი გია გაჩეჩილაძის გუშინდელ გამოსვლას. ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო იმის ნახვა, რაც ვნახე და მოვისმინე. მან აბსოლუტურად დაუსაბუთებლად შეურაცხყოფა მიაყენა იმ ადამიანებს და გუნდის წევრებს, რომლის ხელმძღვანელიც მე ვარ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, მათ შორის გიაც, მეც და ძალიან ბევრი ადამიანი, რომ ადამიანის ღირსება დაგვეცვა და სამწუხაროდ, მისგან ასეთ დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ველოდი და არ შევეგუები. არ შემიძლია, მოვისმინო ქება ადამიანისგან და ეს ქება ჩემთვის კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, როდესაც ის შეურაცხმყოფელად იხსენიებს ჩემი გუნდის წევრებს.
დაწვრილებით გავეცანი იმ საკითხს, როდესაც მან ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე ისაუბრა. ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ როდესაც ის მე დამიკავშირდა, რა თქმა უნდა, მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, არ მომხდარიყო ისე, დაჩაგრულიყო ბიზნესმენი, ყოფილიყო თანაბარი პირობები ყველასთვის. რა თქმა უნდა, შემდეგ გავეცანი ამ საქმეს და მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და ის ბიზნეს ჯგუფი, რომელშიც მას წილი გააჩნდა, თუ დღეს გააჩნია – შეგიძლიათ, გაარკვიოთ, არაფერ შაში იყო ამ ტენდერთან. სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა. მეორე ის, რომ კანონი იყო ზედმიწევნით დაცული და მე მოვითხოვ, რომ მან მიმართოს კონკურენციის სააგენტოს. სააგენტოსაც შეუძლია მიმართოს, მაგრამ რომ არ იყოს სპეკულაციები, რომ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელი, მიმართოს სასამართლოს“, – აღნიშნა პრემიერმა.
„უცნობმა“, გია გაჩეჩილაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ცალკეულ კერძო კომპანიებთან კარტელური გარიგებები აკავშირებს.
გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია „სიტროინ ჯორჯიამ“ უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს და ამ კომპანიების უკან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დგას.