გიორგი გაჩეჩილაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის დაინტერესებული საკონსტიტუციო ცვლილებით
„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის დაინტერესებული ამ საკონსტიტუციო ცვლილებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ცდილობდა, საქართველოში ნაკლები პოლიტიკური პარტია ყოფილიყო.
„ვფიქრობ, სიტუაცია ხელოვნურად არის შექმნილი „ნაციონალური მოძრაობის“, მისი გარემოცვისა თუ კლასტერის მხრიდან. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ცდილობდა ნაკლები პოლიტიკური პარტია ყოფილიყო საქართველოში. მათ თავის დროზე, 7 პროცენტი გახადეს საარჩევნო ბარიერი, რითაც მოკლეს ყველა პოლიტიკური პარტია, ამიტომ ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის დაინტერესებული ამ საკონსტიტუციო ცვლილებით. მას უნდა, მაღალი საარჩევნო ბარიერი იყოს. სააკაშვილსა და მის გარშემო მყოფ პარტიებს სურთ, პარტიებს პარლამენტში მოხვედრის შანსი წაართვან. ეს არის რეალობა და მის გვერდით მდგომმა პარტიებმა ეს უნდა გაითვალისწინონ“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
დეპუტატის შეფასებით ვერავინ დაიჯერებს საქართველოში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაინტერესებულია ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას ციხიდან გამოშვებით.
„ეს არის დადგმული სპექტაკლი, რათა მონაწილეობა არ მიიღონ კენჭისყრაში. იქნებ, როგორმე ჩავარდეს კენჭისყრა, რომ საერთაშორისო დონეზეც ხმაური ატყდეს. ეს არის მათი ტაქტიკა“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.