გიორგი გაბუნია - შემომთავაზეს ნებისმიერი სახის დაცვა, რაზეც ჯერ არ დავთანხმებულვარ, რადგან მინდა, მოვილაპარაკო ადვოკატთან, პირადი დაცვა მიცავს და უნდა შევაფასოთ საფრთხეები
„მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა დასრულდა.
როგორც გაბუნიამ განაცხადა, დაკითხვისას აქცენტი გაკეთდა, საიდან ფლობდა ინფორმაციას მისი შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავშირებით.
„აქცენტი იყო, საიდან მაქვს ის მწირი ინფორმაცია, რომელიც მაქვს. ინფორმაციის ორი წყარო მყავდა, ერთი არის ნიკა გვარამია, რომელმაც გამაფრთხილა, რომ შესაძლო იყო ადგილი ჰქონოდა ჩემი ლიკვიდაციის მცდელობას და ამაზე იყო აქცენტი კითხვების დროს. რა ინფორმაცია მომაწოდა და რამდენად დეტალური იყო ეს ინფორმაცია, ვინ იყო წყარო და ასე შემდეგ. იყო აქცენტი იმაზეც, ხომ არ მიფიქრია, რომ სამართალდამცველებისთვის, სუს-ისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რაც გვარამიამ მითხრა, მაგრამ არა, მე ვუთხარი მათ, რომ არ მქონია ასეთი მცდელობა, რადგან, პირველ რიგში, ვენდობი გვარამიას, რომელიც მაწვდის ასეთ ინფორმაციას და პლუს, როდესაც მეუბნება, რომ წყარო იყო სუს-ი, აზრს კარგავს ისევ სუს-თან წასვლა და ამაზე საუბარი. მეორე წყარო იმ ინფორმაციის, რაც მაქვს, არის ჩემი დაცვა, რომელმაც შეამჩნია, რომ მითვალთვალებენ“,- განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნია ვარაუდობს, რომ დაკითხვაზე მის დაცვასაც დაიბარებენ.
„მკითხეს, თუ ვიცოდი, რა მიმართულებით მიდიოდა გამოძიება. ვუთხარი, რომ არ ვიცოდი. ასევე მკითხეს, ხომ არ ვიცოდი, ვინ გეგმავდა ამ ყველაფერს“,- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
ამასთან, გაბუნია ამბობს, რომ დაცვაზე შეთავაზება მიიღო.
„როდესაც სხდომაზე შევედი, შემომთავაზეს ნებისმიერი სახის დაცვა, რაზეც ჯერ არ დავთანხმებულვარ, რადგან მინდა, მოვილაპარაკო ადვოკატთან, გადავწყვიტოთ, რადგან მე პირადი დაცვა მიცავს და უნდა შევაფასოთ საფრთხეები. მე ვიცი და ეჭვიც არ მეპარება, თუ ვინმეს ჩემი ლიკვიდაცია შეიძლება მოუნდეს, ეს შეიძლება მოდიოდეს რუსეთიდან, რაც ნიშნავს პუტინს“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.