გიორგი გაბიტაშვილი - პროკურატურა ზვიად რატიანის ცემის ფაქტზე გამოძიებას ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებს
მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი პოეტ ზვიად რატიანის ცემის ფაქტთან დაკავშირებით პირველ არხთან საუბარში აღნიშნავს, რომ პროკურატურა გამოძიებას ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებს.
როგორც გიორგი გაბიტაშვილმა განაცხადა, უწყება დანიშნული ექსპერტიზის პასუხებს ელოდება, რის შემდეგაც, შესაძლოა, საზოგადოებისთვის გამოძიების პირველადი შედეგები გახდეს ცნობილი.
პროკურორის მოადგილე პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ საქმეზე დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვა და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით ინფორმაციას საგამოძიებო უწყება არ ასაჯაროვებს.
„პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტს. საქმეზე დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვა. ჯერ მხოლოდ სამი დღეა, რაც გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ მტკიცებულებების დიდი ნაწილი მოსაპოვებელია, რის შემდეგაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
პროკურატურამ პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება 2017 წლის 24 დეკემბერს დაიწყო. გამოძიება პოეტ ზვიად რატიანის მიერ სამართალდამცავების მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.