გიორგი გაბიტაშვილი - თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საჭიროა, ახლებური მიდგომები ჩამოყალიბდეს
თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საჭიროა, ახლებური მიდგომები ჩამოყალიბდეს, რაც ამ კატეგორიის საქმეებზე სპეციალიზაციის სტანდარტის შემოღებას, თაღლითობის სახეების სწორად სამართავად სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას და საგამოძიებო ორგანოებთან კოორდინირებულ საქმიანობას მოიცავს, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.
გიორგი გაბიტაშვილმა თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტულ მიმართულებად გამოყო და აღნიშნა, რომ თაღლითობის ეფექტიანი გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღება ამ კატეგორიის საქმეებზე მთავარი გამოწვევაა, რასაც, ერთი მხრივ, ამ დანაშაულის მრავალფეროვნება, ხოლო მეორე მხრივ, რიგ შემთხვევებში რეაგირების განმახორციელებელი სუბიექტების სპეციალური ცოდნის ნაკლებობა განაპირობებს.
„პრაქტიკამ ცალსახად აჩვენა, რომ სპეციალიზაციის დანერგვა დადებით გავლენას ახდენს ცალკეული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელსა და რეაგირების ხარისხზე. ვფიქრობ, საჭიროა, ჩამოყალიბდეს ახლებური მიდგომები თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს უსმენენ.