გიორგი გაბიტაშვილი - სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ თანმიმდევრულმა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულმა მკაცრმა სისხლის სამართლის პოლიტიკამ ბოლო წლებში დევნის დაწყების მაჩვენებელი გაზარდა
სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ გატარებულმა თანმიმდევრულმა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულმა მკაცრმა სისხლის სამართლის პოლიტიკამ, პროკურორთა სპეციალიზაციამ, კვალიფიკაციის ამაღლებამ, სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებამ და საქმეების მონიტორინგმა პოზიტიური შედეგები გამოიღო და ბოლო წლებში დევნის დაწყების მაჩვენებელი გაიზარდა, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სისტემა ადეკვატური უნდა იყოს გამოწვევების წინაშე, ამიტომ აუცილებელია 16 წელს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის საქმეებზე სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრება როგორც აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის, ასევე საპროცესო შეთანხმების გაფორმების ნაწილში.
„ამ დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდისთვის უნდა მოხდეს უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება, რაც მოიცავს სასამართლო, საგამოძიებო, საადვოკატო, ჯანმრთელობის დაცვისა და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან აქტიურ კომუნიკაციას, პრაქტიკის გაზიარებას და გამოცდილების საფუძველზე ჩამოყალიბებული მიდგომების საქმიანობაში იმპლემენტაციას“, – აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.
საპროკურორო საბჭო, „საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან გასაუბრებას მართავს.
გასაუბრების პროცესი ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.