გიორგი გაბიტაშვილი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) პრეზიდენტს, ხუან მაჰიკესს შეხვდა.
შეხვედრა ბაქოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 29-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა და მას გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და IAP-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციას შორის არსებული ხანგრძლივი, ნაყოფიერი ურთიერთობის მნიშვნელობას. ამ კუთხით, ხაზი გაესვა 2022 წელს, საქართველოს პროკურატურის მასპინძლობით ჩატარებულ, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე ყოველწლიურ კონფერენციას და 2017 წელს ჩატარებულ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ კონფერენციას.
„საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ამ ტიპის ერთობლივი ღონისძიებები საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყებას, ასევე ინდივიდუალურ წევრ პროკურორებს აერთიანებს. საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრი 2011 წლიდანაა, თუმცა ასოციაციასთან მჭიდროდ 2014 წლიდან თანამშრომლობს. 2018 წლის მაისში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი არჩეული იქნა IAP მმართველობით ორგანოს – აღმასრულებელ კომიტეტის წევრად და შესაბამისად, საქართველოს პროკურატურა ჩართულია ასოციაციის მმართველობით საქმიანობაში.