გიორგი გაბიტაშვილი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებში მაკრატელი წარმოდგენილი არ არის
პროკურატურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებში მაკრატელი წარმოდგენილი არ არის, – ეს განცხადება მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საქმის კომენტირებისას გააკეთა.
როგორც გიორგი გაბიტაშვილი აღნიშნავს, დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის დასკვნა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ეწინააღმდეგება.
„მაია ნიკოლეიშვილის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა წინააღმდეგობაშია სხვა მტკიცებულებებთან, რომელიც საქმეშია და გამოძიების მიერ არის დადგენილი. ჩვენ დაველოდებით სასამართლო პროცესების დასრულებას, რომ ვნახოთ სასამართლო რა შეფასებას მისცემს ამ და სხვა მტკიცებულებებს, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი“,- განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
რაც შეეხება პროკურორების მიერ შესაძლო გადაცდომის ფაქტებს, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარ გენერალურ ინსპექციას საგამოძიებო შემოწმება დაწყებული აქვს.
„პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე საქართველოს მთავარი გენერალურ ინსპექციაში დაწყებულია სამსახურეობრივი შემოწმება. საგამოძიებო შემოწმება არის ახალი დაწყებული, ჩატარდება ყველა შესაბამისი მოქმედება იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა პროკურორების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი“,-განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
მთავარი პროკურორის მოადგილის თქმით, უწყება მოგვიანებით გაავრცელებს ინფორმაციას დაიკითხნენ თუ არა ხორავას ქუჩის საქმის პროკურორები.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზა განიხილეს. დაიკითხა ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. ექსპერტი საქმეში ახალ საგანზე, მაკრატელზე საუბრობს.
„პროცესზე ვთქვი, რომ საქმეში მაკრატელი იყო თუმცა ვერ ვიტყვი როგორ მოხვდა ეს საქმეში ან ვის დარჩა“,- განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განმარტებით, შემთხვევის ადგილიდან მაკრატელი ამოღებულია, თუმცა დადასტურებულია, რომ ეს არის სამედიცინო პერსონალის მაკრატელი.