გიორგი გაბიტაშვილი - 11 წელია, ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე, სრულად ვაცნობიერებ გენერალური პროკურორის სტატუსის მნიშვნელობას, თანამდებობის სირთულეს და დიდ პასუხისმგებლობას
გენერალური პროკურორობის კანდიდატი გიორგი გაბიტაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. გიორგი გაბიტაშვილმა კომიტეტის სხდომის დამსწრეებს პროკურატურის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე თავისი ხედვა გაუზიარა.
„11 წელია, ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე. სრულად ვაცნობიერებ გენერალური პროკურორის სტატუსის მნიშვნელობას, თანამდებობის სირთულეს და დიდ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს, მოქალაქეებისა და პროკურატურის თანამშრომლების წინაშე. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და იმის, რომ მომეცემა შესაძლებლობა, გენერალური პროკურორის პოზიციაზე ჩემი არჩევის შემთხვევაში პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად გავაგრძელო სისტემის სტაბილური და პროგრესული განვითარება“, – აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა სიტყვით გამოსვლის დასასრულს.
გენერალური პროკურორობის კანდიდატის ძირითადი მოხსენების შემდეგ იურიდიული კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
გენერალური პროკურორის პოზიციაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 11 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.