გიორგი ფანგანი - „ნამახვანჰესის“ აშენება ტარიფების შენარჩუნებაში ან დაწევაში აუცილებლად დაგვეხმარებოდა
ძალიან მალე აღმოვჩნდებით იმ მდგომარეობაში, რომ ცივ თვეებში ჩვენი ენერგომოხმარების 60-70 პროცენტი მთლიანად იქნება დაკომპენსირებული იმპორტით, რაც წარმოუდგენელია. ვერც ერთ ქვეყანას ვერ ნახავთ, რომელსაც ენერგოდამოუკიდებლობაზე პრეტენზია აქვს, რომ ასეთი სურათი იყოს, – ამის შესახებ სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ისეთი პროექტების გაჩერება, როგორიც არის „ნამახვანჰესი“ არა მხოლოდ საზიანოა ენერგოდამოუკიდებლობისთვის, არამედ საზინოა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ქვეყნის განვითარებისთვისაც.
„ჩვენ ახლა ვართ რეფორმების განხორციელების შუაში და ერთ-ერთი მიზანი ამ რეფორმების იყო, რომ მოგვეზიდა მსხვილი ინვესტორები და განგვევითარებინა გენერაციის მხარე. ქსელური ნაწილი, გინდა, გადაცემა გინდა განაწილება, ბოლო წლებში რეალურად განვითარდა, ჩაიდო მილიარდობით ლარის ინვესტიცია, თუმცა გენერაცია ჩამორჩება. მართალია, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა, თუმცა ისინი პატარებია თავისი ზომით. ზამთრის თვეებში, როდესაც ყველაზე დიდია დეფიციტი და მთლიანად იმპორტზე ვართ დამოკიდებული, ვსაუბრობ, ზოგადად ენერგიის იმპორტზე და არა მხოლოდ ელექტროენერგიის, რადგან ბუნებრივი გაზიც რაც შემოდის, ისიც ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის მოიხმარება. ამ ამოცანას კი, ეს მცირე და საშუალო ზომის ჰესები ბოლომდე ვერ პასუხობენ და რეალურად, ჩვენ ძალიან მალე აღმოვჩნდებით იმ მდგომარეობაში, რომ ცივ თვეებში ჩვენი მოხმარების 60-70 პროცენტი მთლიანად იქნება დაკომპენსირებული იმპორტით, რაც წარმოუდგენელია. ვერც ერთ ქვეყანას ვერ ნახავთ, რომელსაც აქვს პრეტენზია ენერგოდამოუკიდებლობაზე, რომ ასეთი სურათი იყოს. ამიტომ ისეთი პროექტები შეფერხება, გაჩერება, როგორიც არის „ნამახვანჰესი“, იგივე „ხუდონჰესი“ და ასეთი ძლიერი პროექტები, ჩემი აზრით, არა მხოლოდ ზოგადად საზიანოა ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ეს ენერგეტიკას უკვე აღარ ეხება, ზოგადად ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ქვეყნის განვითარებაზე აისახება პირდაპირ“, – განაცხადა ფანგანმა.
სემეკის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელება შესაძლებლობას შექმნიდა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ან შენარჩუნებულიყო ან შემცირებულიყო.
„რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, მიუხედავად იმისა, რომ „ენკას” ჰქონდა საკმაოდ მაღალი შესყიდვის ფასზე ხელშეკრულება გაფორმებული სახელმწიფოსთან, როცა „ნამახვანჰესი“ აშენდებოდა, ეს ფასი უარყოფითად არ აისახებოდა სამომხმარებლო ტარიფზე, თუმცა ძალიან მალე, 7-10 წლის ფარგლებში, ეს აუცილებლად დაგვეხმარებოდა ჩვენ, რომ ფასები ან შეგვენარჩუნებინა, ან დაგვეწია, რადგანაც იმპორტი მუდმივად იზრდება და თან იზრდება ჩვენგან დამოუკიდებლად და ვერაფერი ამას ვერ გააკონტროლებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფული მთლიანად გადის სხვა სახელმწიფოებში, კიდევ უარესი – რუსეთი, ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია საქართველოში. პრაქტიკულად, ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტს, რაც შეიძლება არსებობდეს ვყიდულობთ რუსეთისგან, რომელიც დამერწმუნებით საქართველოსთვის არ არის სანდრო პარტნიორი და გვახსოვს არაერთი ენერგეტიკული დივერსია“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.