ჩემი თავი ამ წუთას არ მადარდებს, ვდარდობ ჩემს ოჯახზე. ვითხოვ, აღკვეთის ღონისძიების მკაცრი ზომა გირაოთი შეიცვალოს, – ამის შესახებ ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი და კიდევ ექვსი ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ.
სასამართლოს წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში ერმაკოვმა აღნიშნა, რომ მიმალვას არ აპირებს და მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
„მე არ ვსაუბრობ ფაქტობრივ გარემოებებზე, მთელს ქალაქში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც აქ მსხდომ ღირსეულ ადამიანებს არ იცნობდნენ. ეს შეეხო ჩემს ღირსებას და ოჯახს. ჩვენ ვყოფილვართ თურმე შეკრული დამნაშავეები. პირველად მიწევს სასამართლო სხდომაზე ყოფნა, მით უმეტეს ამ ფორმაში. ვთანამშრომლობდი და მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან, არავინ არ აპირებს ქალაქიდან წასვლას. რამდენიმე წლის წინ ვიმყოფებოდი პროკურატურაში გამოკითხვაზე. იმ პერიოდში მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ ვგეგმავდი წასვლას, თუმცა არ წავედი, რომ კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო. ყველა ჩვენგანი ვალდებულიცაა და ამას გავაკეთებთ მორალური პრინციპებით, რომ სასამართლოში ნებისმიერ დროს გამოცხადდეს.
ჩემი თავი ამ წუთას არ მადარდებს, ვდარდობ ჩემს ოჯახს. ვითხოვ, აღკვეთის ღონისძიების მკაცრი ზომა გირაოთი შეიცვალოს”,- განაცხადა ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა.
მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სიტყვა წარმოთქვა კიდევ ერთმა ბრალდებულმა, აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, არჩილ ვანაძემ და მანაც აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდება ითხოვა.
არჩილ ვაჩნაძე სხვა ბრალდებული ჩინოვნიკების მსგავსად ბრალს არ აღიარებს.
„ბრალდების მხარე ვერც ერთ ფაქტს ვერ დაადასტურებს, რომ მათთან არ ვითანამშრომლე. დაკავების დროს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ვიმყოფებოდი და არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია. თეორიულად ბევრი რამე შეიძლება ვივარაუდოთ, თუმცა გაქცევა გამორიცხულია. შეუძლებელია, რომ ვინმემ რაიმე ზეგავლენა მოახდინოს ჩემზე. გთხოვთ, აღკვეთის ღონისძიების სახით, 30 ათას ლარიანი გირაო გამოიყენოთ”,- განაცხადა აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, არჩილ ვანაძემ.
მოსამართლე ლევან გელოვანი ბათუმის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე არიან დაკავებულები. კერძოდ, დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე, ბათუმი მერიის და სამინისტროების თანამშრომლები ბექა ხალვაში, ნუკრი ხინთიბიძე, ბათუმის ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის თანამშრომელი ეგარსლან ლომაძე.
პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგა 1 370 076 ლარი.