გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრში სპექტაკლი „ღია ზღვაში“ გაიმართება
გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი წლის მესამე პრემიერისთვის ემზადება. „ღია ზღვაში“- ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა ლაშა შეროზიამ, სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვით დადგა. ერთ მოქმედებიანი წარმოდგენა ლაშა შეროზიამ სპეციალურად თეატრის ექსპერიმენტალურ მესამე სივრცეს მოარგო.
თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სპექტაკლში ხუთი მსახიობი მონაწილეობს, კახა ბერიძე, ზაზა თედელური, ამირან ქაჩიბაია, ანზორ გვაძაბია და ქიშვარდ მანველიშვილი.
პიესის თარგმანზე ნიკა მეგრელიშვილმა და ლაშა შეროზიამ იმუშავეს, რეჟისორმა კი მუსიკალურად გააფორმა. კოსტიუმებისა და დეკორაციის მხატვარი თამარ ჭავჭანიძეა.
„ღია ზღვაში“ სარკასტული, იუმორისტული ჟანრის პიესაა. კომედიურ ხაზში მაყურებელი აღმოაჩენს ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ პრობლემებს, როგორიცაა, მაგალითად, გადარჩენისთვის ბრძოლა.
წარმოდგენები გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 22, 23 და 24 დეკემბერს გაიმართება.