გიორგი ცუცქირიძე - რეფორმებისა და ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების დადებითი შედეგები კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება
„გლობალ ფაინენსის“ შეფასებები იმ რეფორმების შედეგია, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, როგორც ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით, ასევე საბანკო რეგულაციების, დაგროვებითი საპენსიო რეფორმის თუ საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიმართულებით, – ამის შესახებ ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, კიდევ ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებები, მიმდინარე რეფორმების შეუქცევად ხასიათზე მიუთითებს.
„კიდევ ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ეს შეფასებები ადასტურებს მიმდინარე რეფორმების შეუქცევად ხასიათს და სამწუხაროდ, ასევე აჩვენებს ქართული ოპოზიციის მხრიდან რეფორმების ოპონირების წმინდა სუბიექტურ ხასიათს. ოპოზიციის შეფასებების ნარატივიც ხომ ძირითადად, რეგულაციების და მმართველობის ნეგატივზეა აგებული.
გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უკვე აისახა ევროკავშირთან გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაში“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ექსპერტის შეფასებით, ეკონომიკის სამინისტროს ბოლო ინიციატივები, რაც ინვესტორებთან ურთიერთობის „ერთი ფანჯრის“ პრინციპზე გადასვლას ითვალისწინებს, საშუალებას შექმნის, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ქვეყნის საერთაშორისო პოზიციები, როგორც უცხოური ინვესტიციების ზრდის, ასევე კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის კუთხით.
„ეს დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის თვალსაზრისითაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ქვეყანა მიდის წინ, რეფორმების და ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების დადებითი შედეგები მომავალში კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ „გლობალ ფაინენს“ (Global Finance) საქართველო, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, მმართველობისა და ბიზნესრეგულაციების ხარისხის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყნებს შორის დაასახელა.