გიორგი ჩიტაური - 17-წლამდელებს პანდემია დაეტყოთ, მაგრამ კარგი თაობაა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიტაურმა აზერბაიჯანთან გამართულ საკონტროლო მატჩებში გუნდის თამაში საქართველოს პირველ არხთან შეაფასა.
ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართულ ორივე მატჩში გიორგი ჩიტაურის გუნდმა აზერბაიჯანელი თანატოლები 2:1 დაამარცხეს.
„წელიწადის და ორი თვის წინ დავინიშნე 2005 წელს დაბადებულთა ნაკრებში, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე, პირველი საერთაშორისო მატჩები მხოლოდ ახლა ვითამაშეთ. რაც ყველაზე მთავარია, ბიჭები მონდომებულები არიან და დამსახურებულად გავიმარჯვეთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიორგი ჩიტაურმა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი სპარინგებით კმაყოფილი დარჩა.
„ძალიან კარგი სპარინგები გამოგვივიდა. ბიჭებს რა დავალებებიც მივეცით, ნაწილობრივ შეასრულეს, თორემ ორივე თამაშს დიდი ანგარიშით მოვიგებდით. ძალიან ღელავდნენ – პირველი მატჩის შემდეგ მითხრეს, ჰიმნის შემდეგ თვალებში დაგვიბნელდაო. მათ ხომ ნაკრებში ჰიმნი პირველად მოისმინეს. მაგრამ მადლობა, რომ იბრძოლეს და მოვიგეთ“.
ჩიტაურის თქმით, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ამჟამინდელ შემადგენლობაში პერსპექტიული მოთამაშეები არიან.
„ეტყობათ ბავშვებს, რომ პანდემიამ იმოქმედა და დიდხანს გაჩერებულები იყვნენ. მაგრამ კანდიდატები უკვე მესამედ გამოვიძახე და შეკრებიდან შეკრებამდე უმატებენ. პერსპექტიული და კარგი ბიჭები არიან და იმედი მაქვს, რომ შემდეგ რაუნდში აუცილებლად გავალთ“.