გიორგი ჭირაქაძე - ბევრი ინიციატივა, რომელიც კახა კალაძეს აქვს, თანხვედრაშია ბიზნესთან
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბევრი ინიციატივა, რომელიც კალაძეს აქვს, თანხვედრაშია ბიზნესთან.
„ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ ბიზნესს საკმაოდ მრავალი ინვესტიციის გაკეთება უნდა ქალაქში. ქალაქის მერი ხვდება, რომ ბიზნესის და ქალაქის თანამშრომლობით შესაძლებელია, ძალიან ბევრი ეკონომიკური პრობლემის მოგვარება. ჩვენ მზად ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ყველა ინიციატივას, რომელიც ქალაქის მერს აქვს და რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ბევრი კონკრეტული პრობლემა, რომელიც არსებობს, მერმა გაიგო, მოისმინა. ვაპირებთ, უახლოესი დღეების განმავლობაში შევკრიბოთ ყველა ეს საკითხი და აქტიურად დავიწყოთ ქალაქის მერთან თანამშრომლობა.
რაც შეეხება კონკრეტულ პრობლემებს, ეს არის დაწყებული ბიუროკრატიულ ხარვეზებთან, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა მერიაში, გადაწყვეტილების სწრაფ მიღებასთან, ბევრ სექტორულ და სხვა თემასგან. მთავარია, რომ მერს ესმის ეს პრობლემები, მოგვისმინა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ. ალბათ, მომავალი წლის დასაწყისში აქტიურად შევხვდებით მერიის სხვადასხვა სტრუქტურებს და ვისაუბრებთ კონკრეტულ პრობლემებზე“, – განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
ასევე, შეხვედრა ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა კახა კალაძემაც.
„ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მინდა ბიზნეს ასოციაციას მადლობა ვუთხრა მისი ორგანიზებისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ იმ განსახორციელებელ პროექტებზე, რომელიც დაგეგმილი გვაქვს მომდევნო წლების განმავლობაში. ზოგადად, ბიზნესის და ამ ადამიანების ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში, ქალაქის წინსვლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს გახლავთ ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში ქმნის სამუშაო ადგილებს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, ისინი მიიღებენ მონაწილეობას ქალაქის განვითარებაში, ქალაქის წინსვლაში.
ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ კომპანიებს, რომლებიც საახალწლოდ ქალაქის განათებაში მონაწილეობენ ჩვენთან ერთად და მჯერა, რომ ასე გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი თანამშრომლობა იმ პროექტების განსახორციელებლად რომელიც 2018 წელს გვაქვს დაგეგმილი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.