გიორგი ჩიქოვანი - საჭიროა მეტი კომუნიკაცია, როგორც მთავრობის, ისე ინვესტორების მხრიდან 
გიორგი ჩიქოვანი - საჭიროა მეტი კომუნიკაცია, როგორც მთავრობის, ისე ინვესტორების მხრიდან 

ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი თვლის, რომ ენერგეტიკულ პროექტებთან მიმართებაში მეტი კომუნიკაციაა საჭირო მოსახლეობას, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის.

ამის შესახებ ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა.

„კომუნიკაციის ნაკლებობა მართლაც არის პრობლემა დღეს ქვეყენაში. ენერგეტიკულ პროექტებზე შექმნილია ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება. ხდება ჰესების დემონიზაცია და არ ხდება დიალოგი. ამაზე მეტია სამუშაო, როგორც მთავრობის, ისე ინვესტორების მხრიდან. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იყო ამის პრობლემა, საკმაოდ დიდხანს მიდიოდა მოსახლეობის ინფორმირება, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და დავწრმუნდით, რომ საჭიროა მეტი კომუნიკაცია“, – განაცხადა ჩიქოვანმა პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის გუშინ დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.

სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.