გიორგი ჩიხრაძე - ვფიქრობ, სანიოლი ნორვეგიასთან ძველ სისტემას დაუბრუნდება და ფეხბურთელებსაც შეცვლის #1TVSPORT
გიორგი ჩიხრაძე - ვფიქრობ, სანიოლი ნორვეგიასთან ძველ სისტემას დაუბრუნდება და ფეხბურთელებსაც შეცვლის #1TVSPORT

ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, გიორგი ჩიხრაძემ პირველ არხთან საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრასა და ნორვეგიასთან 12 სექტემბერს დაგეგმილ მატჩზე ისაუბრა.

„ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მასთან ადრეც წაგვიგია. ამავე დროს, ახალ ციკლში გამოსვლაც ცუდად არ დაგვიწყია და ამიტომ მოულოდნელი იყო შედეგიც და სუსტი თამაშიც. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გუნდმა თამაში წინასწარ დათმო. არ ვიბრძოდით და უფრო ამან გამაკვირვა. ხისტი და კომპაქტური მოქმედება გვჭირდებოდა, მაგრამ ეს არ ჩანდა. როგორც ნაკრების ყოფილ წევრსა და გულშემატკივარს, ამაზე გული ძალიან დამწყდა.

ჩემთვის სათამაშო სისტემის შეცვლა, 4-4-2-ზე გადასვლა მოულოდნელი იყო. მხოლოდ მწვრთნელს შეუძლია თქვას, რატომ გააკეთა ეს. სამწუხაროდ, ამან არ გაამართლა, რაზეც შედეგი მიუთითებს. სანიოლმა შესვენების შემდეგ შეცვლები დაიწყო. ვფიქრობ, ნორვეგიასთან მატჩში ცვლილებები აუცილებლად იქნება. ჩემი ვარაუდით, მწვრთნელი ისევ ძველ სათამაშოს სისტემას დაუბრუნდება და შემადგენლობაში 3-4 ფეხბურთელს გამოცვლის“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიორგი ჩიხრაძემ.

ნორვეგია – საქართველოს მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.