„დინამო თბილისის“ ყოფილი მწვრთნელი - ფეხბურთისთვის სახელმწიფოსა და ბიზნესის თანადგომა დიდი ბიძგი იქნება #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ ყოფილი მწვრთნელი - ფეხბურთისთვის სახელმწიფოსა და ბიზნესის თანადგომა დიდი ბიძგი იქნება #1TVSPORT

გიორგი ჩიხრაძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ქართული გუნდების პერსპექტივაზე საუბრისას მისთვის კარგად ნაცნობი უცხოური მოდელები მაგალითად მოიყვანა – თუ როგორ ვითარდებოდნენ წლების წინ კლუბები, რომლებიც ახლა ევროსარბიელზე თავის სიტყვას ამბობენ.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველის, „დინამო თბილისისა“ და საქართველოს ნაკრებში კახა ცხადაძის ყოფილი ასისტენტის თქმით, ამ კლუბების წარმატების მიზეზი, ფინანსებთან ერთად, განვითარებაზე მიზანმიმართული შრომა იყო.

„როგორ უნდა მიაღწიოს გუნდმა წარმატებას. ამის მაგალითად „ყარაბაღი“ გამოდგება. 10 წელია სტაბილურად ერთი მწვრთნელი ჰყავს და შედეგად მიიღეს ის, რომ ყოველ წელს ჩემპიონთა და ევროპის ლიგაზე თამაშობენ.

დონეცკის „შახტარში“ ვიყავი, როცა ახმეტოვი მივიდა. თავიდან წარმატებას ვერ აღწევდა და ჩემპიონი ისევ კიევის „დინამო“ ხდებოდა. მაგრამ გუნდი კი არ მიატოვა, ამბობდა, ეტყობა, საკმარისი თანხა არ ჩავდეო და დაფინანსებას ზრდიდა. მეტი და მეტი ჩადო და ბოლოს შედეგებსაც მიაღწია.

ეს ძალისხმევა ჩვენს კლუბებში თუ არ იქნება, შედეგიც არ იქნება. არადა, ბავშვებში წარმატებები გვაქვს, ნაკრებში წინსვლაა, წყვეტა მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატშია. ყველა ნიჭიერი მოთამაშე გაქცევაზეა. ამ პროცესის შესაჩერებლად სტაბილური ფინანსებია საჭირო.

სახელმწიფო ინფრასტრუქტურით გვეხმარება. მაგრამ მეტი ფინანსები და ინფრასტრუქტურაა საჭირო. რადგან გამოჩნდა, რომ სერიოზული დახმარებით წინსვლა შესაძლებელია. თუ დიდი მოსამზადებელი კომპლექსი იქნება ზღვისპირეთში, ბაკურიანში, ამიერკავკასიის გუნდებიც ჩამოვლენ. პლუს ბიზნესის დახმარებაა საჭირო. სახელმწიფოსა და ბიზნესის ეს თანადგომა ფეხბურთისთვის დიდი ბიძგი იქნება“, – ამბობს გიორგი ჩიხრაძე.