აბსოლუტური სიცრუეა - ცხადაძის ასისტენტი „ორდაბასის" ფეხბურთელთან ჩხუბს კატეგორიულად უარყოფს
აბსოლუტური სიცრუეა - ცხადაძის ასისტენტი „ორდაბასის" ფეხბურთელთან ჩხუბს კატეგორიულად უარყოფს

შიმკენტისორდაბასის” მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ასისტენტი, გიორგი ჩიხრაძე კატეგორიულად უარყოფს, რომ ფეხბურთელთან იჩხუბა.

ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლო, 22-ე ტურში „ორდაბასიმ“ ევროსაგზურის მოპოვების შანსი დაკარგა. ყაზახმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ მატჩის შემდეგ გასახდელში ჩხუბი მოხდა. ის ამტკიცებდა, სავარაუდოდ, მატჩის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა ფეხბურთელმა უარი თქვა მწვრთნელის თანაშემწისთვის ხელის ჩამორთმევაზე, შემდეგ კი ყბაში ძლიერად დაარტყა. ამას გარდა, ამტკიცებდა, რომ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის ურთიერთობა არეული იყო და დასტურად ის „ფაქტი“ მოიყვანა, რომ ქართველებთან გამოსამშვიდობებელ ბანკეტს არავინ დაესწრო.

გამოცემა „პროსპორტმა“ ამის შესახებ გიორგი ჩიხრაძეს ინტერვიუ ჩამოართვა:

– თამაშის შემდეგ საქართველოში გავფრინდით, მგზავრობას თითქმის ერთი დღე დასჭირდა. სახლში მხოლოდ გუშინ დილით მივედი. როდესაც დამირეკეს და ჩხუბის შესახებ მკითხეს, არც კი ვიცოდი, რაში იყო საქმე. როდესაც ამ სტატიის შინაარსი მითხრეს, ძალიან გამიკვირდა, რომ ხალხს ასეთი ფანტაზია აქვს. უბრალოდ, ფაქტების დამახინჯება და ამის დაწერა არასწორია. წარმოიდგინეთ, ამის მოსმენა რამდენად უსიამოვნო იქნებოდა.

სტატიაში ეწერა, თითქოს ფეხბურთელმა ხელი არ ჩამომართვა და ყბაში დამარტყა. მთელი ბლოკბასტერია, ჩემთვის კი შოკი იყო, როდესაც ეს სტატია წავიკითხე. ეს ყველაფერი აბსოლუტური ტყუილი და სისულელეა. ხომ არსებობს ჟურნალისტური ეთიკა? ადამიანი, არ ეყრდნობა და არ ამოწმებს ფაქტებს და რაც უთხრეს, პირდაპირ დაწერა… მრავალი წელია, რაც ფეხბურთში ვმუშაობ, მაქვს რეპუტაცია და სახელი. ამ დროს წერენ, რომ მე მოთამაშეს მოვარტყი ან მან დამარტყა… არასოლიდური და არაკეთილსინდისიერი საქციელია. მითუმეტეს, რომ ასეთი რამ არ მომხდარა. ეს ყველაზე საწყენია.

– ჩხუბის ამბავი გასაგებია. კონფლიქტი თუ იყო?

– ეს კონფლიქტი კი არა, გაუგებრობა იყო. ბოლო შეცვლა გვრჩებოდა და ერთ მოთამაშეს დავუძახეთ, შეცდომით კი მეორემ იფიქრა, რომ ისიც გამოვიძახეთ. ჩვენ მაშინვე ავუხსენით და წყენამ გაუარა.

– რაც შეეხება ბანკეტს, გაიმართა?

– ეს ბანკეტი არ უნდა ყოფილიყო იმის გამო, რომ სამწვრთნელო პერსონალის ნაწილი თამაშის დაწყებამდეც გაემგზავრა ყაზახეთიდან. მათ წინასწარ იყიდეს ბილეთები, რადგან არ ვიცოდით, რომ ბოლო თამაში გადაიდებოდა – 29 ნოემბის ნაცვლად 30-ში შედგა. თამაშის შემდეგ ზოგიერთი მოთამაშეც პირდაპირ წავიდა. ამიტომ, ბანკეტი არ გვქონდა. პრეზიდენტმა უბრალოდ გამოაცხადა, რომ თამაშის შემდეგ შეგვიძლია ერთად შევიკრიბოთ და დავილაპარაკოთ. სამწვრთნელო შტაბი და რამდენიმე ბიჭი სასტუმროში დარჩნენ. რომ დაერეკათ, ბანკეტზე ნამდვილად ჩავიდოდით. როგორც ვიცი, პრეზიდენტიც კი წავიდა – მას თავისი გადაუდებელი საქმე ჰქონდა.

– ზოგადად, მთელი წლის განმავლობაში არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ორდაბასში“ გარკვეული დაძაბულობა იყო…

– სეზონის განმავლობაში ყველა გუნდში არის ასეთი მომენტები. ალბათ, ფინანსური საკითხები იყო. მაგრამ ბიჭები ჩვეულებრივად ვარჯიშობდნენ და მუშაობდნენ. ეს ყველგან ხდება. არ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული პრობლემების მქონე სხვა გუნდებისგან გამოვირჩეოდით. იყო გარკვეული გაუგებრობები, მაგრამ არა იმ დონის, ასე ხაზგასასმელი რომ იყოს.

– ჩვენი ინფორმაციით, ცხადაძე და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრები „ორდაბასში“ აღარ იმუშავებთ.

– ხელშეკრულება 30 ნოემბრამდე გვქონდა გაფორმებული და დასრულდა. ვიცოდით, რომ მივდიოდით. ჩვენთან არც თანამშრომლობის გაგრძელებაზე უსაუბრიათ და არც თანამშრომლობის დასრულების შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა ამოიწურა და ჩვენ უბრალოდ სახლში წავედით.