საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ჩიხრაძე - ჩემი კომპლიმენტები „საბურთალოს“, იმედია, რუმინულ ბარიერს დაძლევს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ჩიხრაძე - ჩემი კომპლიმენტები „საბურთალოს“, იმედია, რუმინულ ბარიერს დაძლევს #1TVSPORT

„დინამო თბილისისა“ და საქართველოს ნაკრებში კახა ცხადაძის ყოფილმა ასისტენტმა გიორგი ჩიხრაძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „დინამოდან“ წასვლასა და ევროთასებზე ქართული გუნდების გამოსვლაზე ისაუბრა.

„მტკივნეულია, შუა სეზონში ევროთასებამდე კონტრაქტის გაწყვეტა არავის სიამოვნებს. გვაქვს შეთანხმება, რომ კონტრაქტის გაწყვეტაზე არაფერი გავასაჯაროოთ. ეს სირთულეა ახალი მწვრთნელისთვის, რომ გუნდი მოამზადოს. ჩვენთვისაც არასასიამოვნოა, ჩვენი იმიჯისთვის.

ბათუმის „დინამომ“ სეზონის შემდეგ შექება დაიმსახურა. რაც შეეხება ევროთასებზე მის გამოსვლას, „სლოვანთან“ ყველა მის გამარჯვებას ველოდით და გასვლას იმსახურებდა. მაგრამ გატანილ გოლზე იმხელა ემოცია დაიხარჯა, კონცენტარცია დაიკარგა და ეს გახდა წარუმატებლობის მიზეზი. პოზნანისლეხთან“ მატჩი „სლოვანთან“ წაგების გამოძახილი იყო. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, პირველ გოლს ვინ გაიტანდა, რადგან პოლონელებმაც მტკივნეულად წააგეს „ყარაბაღთან“. გამოვიდა, მათ ეს ფსიქოლოგიური ბარიერი უფრო იოლად გადალახეს.

პოლონელებმა მაღალი პრესით ითამაშეს და ბათუმელებს კოზირების გამოყენების უფლება არ მისცეს. მათი ჩემპიონატიც დაძაბულობით, კლასით ჩვენზე მაღლა დგას, ჩემპიონატში ყველა არაა ევროტურნირების მსგავსად დაძაბული, მაგრამ 60-70 პროცენტი მაინც ასეთია. ბათუმის „დინამოს“ მიერ ჩვენს ჩემპიონატში ჩატარებული თამაშების დაძაბულობა, ხარისხი და რაოდენობა კი ეტყობა საკმარისი არაა.

კვარაცხელიას და დავითაშვილის დამატებამ ბათუმი გააძლიერა. მაგრამ ცხადია, მერე ხვიჩას წასვლამ ცუდად იმოქმედა. „ნაპოლი“ ევროთასებზე არ დატოვებდა, რადგან უნდა მოემზადებინა და ტრავმის რისკიც არსებობდა. ამით ბათუმმა დიდი ძალა დაკარგა. პლუს გაფრინდაშვილი წავიდა, რომელიც ეფექტური და კვალიფიციური მოთამაშეა. ასევე სხვაგან გადავიდა ლობჯანიძე – ამ დროს, „ლეხი“ გაძლიერდა.

ჩემი კომპლიმენტები „საბურთალოს“. პირველი მატჩი გორში „პარტიზანთან“ წააგო, მაგრამ წასაგები თამაში არ იყო. საპასუხო მატჩი ალბანეთში ძალიან დამაჯერებლად და ლაღად ითამაშეს და პენალტების სერიაში დამსახურებულად გაიმარჯვეს. ამან ფსიქოლოგიურად კარგად იმოქმედა და უფრო ძლიერ გუნდთან, „სტიაუასთან“ მოიგეს – გუნდს განმეორებით მატჩში წარმატებას ვუსურვებ – იმედია, ამ ბარიერს დაძლევს“, – ამბობს გიორგი ჩიხრაძე.