გიორგი ჩიხრაძე - გაიბრწყინეს ფეხბურთელებმა, გუნდური თამაშიც ეფექტური იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია დასახვეწი #1TVSPORT
გიორგი ჩიხრაძე - გაიბრწყინეს ფეხბურთელებმა, გუნდური თამაშიც ეფექტური იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია დასახვეწი #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნული გუნდის ყოფილმა მცველმა და მწვრთნელმა, გიორგი ჩიხრაძემ ერთა ლიგაზე საქართველოს საფეხბურთო  ნაკრების გამოსვლა შეაფასა.

„ერთმნიშვნელოვნად, ამოცანა შესრულებულია, პირველი ადგილი დავიკავეთ და ამ ეტაპისთვის ნაკრებმა კარგი თამაში აჩვენა. რა თქმა უნდა, სანამ საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი, ბოლომდე კმაყოფილი არ უნდა ვიყოთ. ნაკრების საბოლოო მიზანია, რომ მოხვდეს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე. დარჩენილია ორი თამაშია. რა თქმა უნდა, უკეთესია, სანამ ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩები მოვა, ევრო 2024-ზე ტრადიციული შესარჩევიდან მოვხვდეთ.

ბევრი პოზიტიური მომენტი იყო იმ თავლსაზრისით, რომ გაიბრწყინეს ფეხბურთელებმა – ამ  თამაშებში ხვიჩა კვარაცხელია შეუდარებელი და გუნდის ლიდერი იყო. ძალიან საიმედოდ თამაშობდა მეკარე და დაცვის ხაზი. თავდამსხმელები კი შეტევაში საკმაოდ აქტიურობდნენ. საერთო გუნდური თამაშიც ეფექტური იყო. რა თქმა უნდა, გამონაკლისი იყო თამაშებში გარკვეული ეპიზოდები და ტაიმები, რაც გვაჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ბევრია დასახვეწი და გასაკეთებელი, რადგან რა დონეზეც თამაში გვინდა, რომ მოვხვდეთ ფინალურ ეტაპზე,  ეს მომენტები გასათვალისწინებელი იქნება.

დასახვეწია პოზიციური შეტევა. გუნდები დაცვას სერიოზულად ამზადებენ. თუმცა, ამის მიხუედავად, ხვიჩა იტალიაში ძლიერ გუნდებთან მაინც ახერხებს გატანას, მწვავე გადაცემის გაკეთებას, თამაშის გამწვავებას, პენალტის და შედეგის მოპოვებას ან „ნაპოლისთვის“ სხვა კუთხით არის სასარგებლო. ჩვენი სურვილი მისი ნაკრებში კიდევ უფრო უკეთ გამოყენებაა. არის კონცენტარციის პრობლემაც. როდესაც მიზანი ჯერ მიღწეული არ არის, ეს მნიშვნელოვანია. გუნდი თამაშის დასრულებამდე უნდა იყოს მობილიზებული. გიბრალტართან 2:0-ს ვიგებდით, მაგრამ გოლი გავუშვით და ბოლო წუთებმა დაძაბულად ჩაიარა. შესაძლოა, ეს ძლიერმა მეტოქემ არ გაპატიოს.  ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუმცა, კარგი ისაა, რომ უკვე ჯგუფის მეტოქეებზე მაღლა ვართ.  ჩრდილოეთ მაკედონიას ორივე მოვუგეთ,  ბულგარეთთან 4 ქულა ავიღეთ. ნაკრებმა გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლია და ფეხბურთელები სისტემატურად თამაშობენ და კარგ კონდიციებში არიან. ამიტომ უნდა გვქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი.

ამ ციკლში ბევრ ახალგაზრდას აქვს პროგრესი. კვარაცხელიას პროგრესი აღვნიშნე. თავდამსხმელის პოზიციაზე კონკურენციაა – ზივზივაძე და მიქაუტაძე გვყავს. დავითაშვილის დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მოუმატებს, რადგან დიდი პოტენციალი გააჩნია. „ბორდოში“ როგორც კი გადავიდა, პირველივე შეხვედრაში გაიტანა. წიტაიშვილი უნივერსალია, დაცვაშიც შეუძლია თამაში, წინაც და შეტევის ორივე ფლანგზეც. ლობჟანიძე ძალიან სწრაფი ბიჭია და  ბევრი თამაში საკმაოდ ეფექტურად ჩაატარა.

ცენტრალური მცველის პოზიციაზეც კონკურენციაა. კვირკველია, ხოჭოლავა და კაშია თამაშობენ. გვყავს დვალი, რომელიც ახლა არ გამოიძახეს, ლოჩოშვილს სერია „ა“-ში პრაქტიკა აქვს და  დაიხვეწება, პოტენციალი აქვს. მეკარეებში კი ასეთი კონკურენცია მისასალმებელია. ლორიას დიდი დამსახურება აქვს, მამარდაშვილს კი ისეთი კარიერული ნახტომი ჰქონდა, დაიძინა და ვარსკვლავად გაიღვიძა. განაპირა მცველების პოზიციაზეც კონკურენციაა, მაგარმ მეტია სასურველი. მარჯვენა ფლანგზე არიან საინტერესო მოთამაშეები – ჩაბრაძე, ნიკა მალი – თუ მოუმატებს, შანსი ექნება. ცენტრალურ ნახევარმცველებს რაც შეეხება, კიტეიშვილზე მწყდება გული, რომ ტრავმების გამო დიდი დრო უცდება და ასეთი პოტენციალის ფეხბურთელს ამ მატჩებში ვკარგავთ. იმედია, გამოჯანმრთელდება და ნაკრებს დაეხმარება“, – ამბობს გიორგი ჩიხრაძე.