გიორგი ჭელიძე - ჩვენთვის ყველა მატჩი ბოლოა და ვთამაშობთ თელავისთვის #1TVSPORT
გიორგი ჭელიძის ხელში „თელავი“ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. ბოლო ტურში გუნდმა „დინამო თბილისს“ არაფერი დაუთმო და შეხვედრა 1:1 დაასრულა. ახალგაზრდა მწვრთნელის თქმით, წარმატების მიზეზი ფეხბურთელების თავდადებაა.
„ჩვენ ვიცოდით „დინამოს“ ძლიერი და სუსტი წერტილები და ვიმუშავეთ ყველაფერზე, რაშიც ჩემი სტაფი და ფეხბურთელები ბოლომდე მომყვებიან. ჩვენ ჯერაც გუნდის შენებისა და მეტი სიახლის ძიების პროცესში ვართ. ასე რომ, ჩვენთვის ყველა მატჩი ისეა, როგორც ბოლო – ვთამაშობთ თელავისთვის“, – ამბობს გიორგი ჭელიძე.
მან „თელავის“ პრესსამსახურთან საუბარში ყურადღება ახალგაზრდების დაწინაურებაზე გააკეთა.
„ამ მატჩში ძირითადში ახალგაზრდა პარკინაშვილი ვათამაშეთ. იგივე კვერნაძე, მუჯირი, ხაბულიანი… მჯერა, ეს ბიჭები თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან თუ ასე გააგრძელებენ და დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლებელს შეძლებენ. ჩვენი სტაფიც ყველაფერს გავაკეთებთ და ყველანაირად ვეცდებით, რომ ამ ახალგაზრდებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და სწორად განვითარების საშუალება მივცეთ“.
ჭელიძის თქმით, გუნდის წევრები მოედანზე ყოველთვის მონდომებით გადიან.
„ბიჭები არამარტო თამაშზე, ვარჯიშებზეც ბოლომდე იხარჯებიან, რასაც მოაქვს ზუსტად შედეგი – სხვანაირად არ გამოდის. შეუძლებელია, მიაღწიო ხალხის სიყვარულს და ტაშს, ბოლომდე თუ არ დაიხარჯე. ფეხბურთი, ერთგვარი თეატრია, ხალხი მოდის, რომ ისიამოვნოს და ტაში დაგიკრას. ჯერჯერობით, ბიჭები ამას ყოველ თამაშზე ახერხებენ და მადლობა მათ ამ სიამოვნებისთვის“.
ახალგაზრდა მწვრთნელმა გულშემატკივტრებზეც ილაპარაკა.
„მადლობა „თელავის“ გულშემატკივარს, იმ სითბოსთვის და გვერდში დგომისთვის, რომელსაც ყოველი მატჩისას ვგრძნობთ – ჩვენ კი უპირველესად ვცდილობთ, მათ სიამოვნება მივანიჭოთ. ჩვენს გუნდს უკვე აქვს და ექნება ყოველთვის სახე და ხასიათი – ბრძოლა ბოლომდე, ვისიამოვნოთ ფეხბურთით და ჩვენი თამაშით, შედეგებით ვასიამოვნოთ გულშემატკივარი“.