„კავკასიონი არენაზე“ გაუთვალისწინებელი ხარვეზი შეიქმნა - „თელავი“ კახეთში მესამე ტურიდან ითამაშებს #1TVSPORT
„კავკასიონი არენაზე“ გაუთვალისწინებელი ხარვეზი შეიქმნა - „თელავი“ კახეთში მესამე ტურიდან ითამაშებს #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ოფიციალურ გვერდზე განმარტება გააკეთა, ეროვნული ლიგის საწყის 2 შეხვედრას რატომ ატარებენ არა თელავში, არამედ – ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში.

„ეროვნული ლიგის მე-2 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბ „გაგრასთან“ რუსთავში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება. წესით, შეხვედრა თელავში, „კავკასიონი არენაზე“ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა შეიქმნა გაუთვალისწინებელი ტექნიკური ხარვეზი.

„კავკასიონი არენაზე“ წყლის უზარმაზარი რეზერვუარი დაზიანდა, შესაბამისად, სტადიონიც უწყლოდ დარჩა და როგორც გვაცნობეს, მისი შეკეთება ამ მატჩამდე ვერ მოესწრება, ამიტომ მივიღეთ ის სამწუხარო რეალობა, რაც დღეს გვაქვს.

გვესმის გულშემატკივრების და ცხადია, ჩვენი უდიდესი სურვილიცაა, რომ გუნდმა საშინაო მატჩები თელავში ჩაატაროს – ასეც იქნება „გაგრასთან“ თამაშის შემდეგ. თქვენი გვეიმედება და გვჯერა, რომ რუსთავში „გაგრასთან“ მრავლად იქნებით და აქტიურად და მხურვალედ გვიქომაგებთ“, – წერია საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გავრცელებულ ცნობაში.

„თელავი“ ეროვნული ლიგის მე-2 ტურის მატჩს საფეხბურთო კლუბ „გაგრასთან“ 4 მარტს უმასპინძლებს. შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში 17:00-ზე დაიწყება.