გიორგი ჭანტურიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ საქმის მასალების მიხედვით, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილეებს შორის სერიოზული დავა იყო
სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას დამ, მარიამ ჭანტურიამ და მეუღლემ, ანი ხურციამ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთეს.
როგორც გიორგი ჭანტურიას დამ განაცხადა, მის ძმას სერიოზული ალიბი ჰქონდა. მისი თქმით, ჭანტურია მკვლელობის დროს „საქართველოს ბანკში“ იმყოფებოდა.
„ალიბი წარდგენილი იქნა საგამოძიებო უწყებაში, რის შემდეგაც მისი დაკავების საფუძველი აღარ არსებობდა“, – განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.
მარიამ ჭანტურიას განმარტებით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სერიოზული დავა იყო ბაზრის მეწილეებს შორის, სოსო ქუთათელაძეს კი ფინანსური ვალდებულებები გააჩნდა.
როგორც მარიამ ჭანტურიამ აღნიშნა, მის ოჯახს კავშირი ე.წ. სტამბოლის ბაზართან არ ჰქონია, ისინი სავაჭრო ობიექტებს ფლობდნენ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ანი ხურციას განცხადებით, საგამოძიებო უწყებას მათთან კითხვები აღარ აქვს. მისი თქმით, არც მის მამამთილს და არც მეუღლეს აღარავინ დაკავშირებია.
ანი ხურციამ 15:00 საათზე ბრიფინგი დააანონსა, რომელზეც გიორგი ჭანტურიას მეუღლე და ადვოკატი განცხადებას გააკეთებენ.
„მთავარია, რომ გიორგი თავისუფალია“, – განაცხადა ანი ხურციამ.
შსს-ს ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გუშინ გათავისუფლდა.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.