გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით არის დაკავებული
გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით არის დაკავებული.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტი გახსნა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია ერთი პირი – 1981 წელს დაბადებული გ.ჭ.
მისი თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაპირისპირება.
„შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ზემოაღნიშნული დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო, ფიზიკო-ტექნიკური, ბალისტიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით.
ამასთან, პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია გვიან ღამით დააკავეს.