გიორგი ჭანტურია - განათლების სისტემის დეცენტრალიაზაცია მოკლე ვადებში ძალიან სერიოზულ შედეგებს მოგვიტანს
როცა განათლება პრიორიტეტი არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიისთვის და არც საზოგადოებისთვის, შეუძლებელია, რაღაც განვითარება გვქონდეს, – ამის შესახებ „კოალიცია განათლება ყველასათვის- საქართველოს“ დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„იქამდე, სანამ არ განხორციელდება განათლების დეპოლიტიზაცია და სანამ ის მუდმივად პოლიტიკასთან არის მიბმული, შეუძლებელია, რაღაც განვითარება გვქონდეს“, – განაცხადა ჭანტურიამ.
როგორც ჭანტურიამ აღნიშნა, „კოალიცია განათლება ყველასათვის – საქართველო“ განათლების სისტემის განვითარების, რეფორმების ისტორიას სწავლობს და აღმოჩნდა, რომ 2007 წლიდან განათლების სისტემაში აბსოლუტურად ქაოსური მდგომარეობა გვაქვს.
„ფაქტობრივად, არაფერი მნიშვნელოვანი არ კეთდება ან რაღაც, რაც იწყება, ძალიან მოკლე დროში, რამდენიმე თვეში იცვლება“, – განაცხადა ჭანტურიამ.
მისი თქმით, პოლიტიკური პარტიები განათლების სისტემასთან დაკავშირებით არაფერზე არიან შეთანხმებული, რაც განვითარების საშუალებას სპობს.
„მაგალითად, შეიძლება, განათლების სისტემაში რაღაცები ავიღოთ და ვთქვათ, რომ ეს ხელშეუხებელია, რაღაც წლების მანძილზე ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ და ამას არ უნდა შევეხოთ. როცა ქვეყანაში ეს არ გვაქვს, შეუძლებელია, რაღაც განვითარებაზე საუბარი“, – განაცხადა ჭანტურიამ.
გიორგი ჭანტურიამ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს განათლების სისტემაში ძალიან მცირე ადამიანური რესურსი გვაქვს და რეალურად, ძალიან ცოტაა ადამიანი, ვისაც განათლების სისტემა კარგად ესმის.
„არიან მკვლევარები, მაგალითად, აქ არიან წარმოდგენილი. მე ჩემ თავზე ვერ ვიტყვი, რომ მაგალითად, ექსპერტი ვარ ამ საკითხში, მაგრამ რაღაც გამეგება და ვიცი, რომ ძალიან ცოტაა რესურსი. არიან ადამიანები, ვინც საზღვარგარეთ სისტემებზე და მათ განვითარებაზე მუშაობენ. კარგი მენეჯმენტის პირობებში ვფიქრობ, ამ ადამიანური რესურსის გამოყენება თავისუფლად შესაძლებელია“, – განაცხადა ჭანტურიამ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება, განათლების სისტემის ბევრი მიმართულებით დეცენტრალიზაცია იყოს.
„მათ შორის, იმ მიმართულებით, რომ არ შეიძლება, მუდმივად ცენტრალიზებულად, აბსოლუტურად ყველაფერი განათლების სამინისტროდან იმართებოდეს და წყდებოდეს. პროცესში მათ შორის, ჩართული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოება. დეცენტრალიაზაცია ეს არის გზა, რომელიც მოკლე ვადებში ძალიან სერიოზულ შედეგებს მოგვიტანს“, – განაცხადა ჭანტურიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა წვლილი აქვს განათლების ხარისხის ზრდაში მშობლების მიერ განათლებაში ჩადებულ დანახარჯებს და კულტურულ ღირებულებებს, გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, რომ კულტურულ და ტრადიციულ ღირებულებებს სერიოზული მნიშვნელობა აქვს.
„მაგალითად, მშობლების განათლებას, მათ სიტყვების მარაგსაც კი აქვს მნიშვნელობა ბავშვის განვითარებაზე“, – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.