გიორგი ჩალაძე - ყველა მკაცრად არის გაფრთხილებული, რომ ნიკა მელიას გარემოცვიდან გირაო არავინ გადაიხადოს
ნიკა მელია არ აპირებს გირაოს თანხის გადახდას, რადგან პირველი – ეს არის იურიდიული აბსურდი, მეორე – პოლიტიკური კონიუქტურა. ჩვენ არ ვემორჩილებით ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსებს, არ ვემორჩილებით სასამართლოს, რომელიც არ არის სამართლიანი და არ წარმოადგენს საქართველოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელია არ აპირებს, უკანონო გადაწყვეტილებას დაემორჩილოს.
„ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ეს არის დაუმორჩილებლობის აქტი უსამართლობისადმი. როგორც მოიხსნა და გადააგდო სამაჯური, არც ახლა აპირებს უკანონო გადაწყვეტილების დამორჩილებას. ხაზგასმით ვაცხადებთ, ეს არ ნიშნავს ინსტიტუტების უპატივცემულობას, ეს ნიშნავს იმ ადამიანების, პერსონების დაუმორჩილებლობას, რომლებიც დღეს არ წარმოადგენენ სახელმწიფოს“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
კითხვაზე: „ ვინ შეიძლება იყოს სხვა ადამიანი, ვინც შესაძლოა, თანხა გადაიხადოს“, ჩალაძემ განაცხადა, რომ ყველა მკაცრად არის გაფრთხილებული, რომ არავინ ნიკა მელიას გარემოცვიდან გირაო არ გადაიხადოს.
„ქართული ოცნების“ მცდელობაა, გაასაღოს ვითომ ოპოზიციამ, ან მელიასთან დაკავშირებულმა ვინმე პირმა გადაიხადა გირაო. პარტიის და მელიას პრინციპული პოზიციაა, რაც დააფიქსირა. ამ აზრის შეცვლას ჩვენ არ ვაპირებთ. ახლა ბურთი არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხარეზე. მათ უნდა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიიღონ. შეუძლიათ თავისუფლად იმოქმედონ. ჩვენ, მელია არ აპირებს დაემორჩილოს უკანონო გადაწყვეტილებებს, არ აპირებს, რაიმე სახით დამატებითი აქტივობების განხორციელებას. ერთხელ თქვა ამ ადამიანმა და მას არ სჩვევია პოზიციების ცვლილება. რაც ითქვა, ამას გააგრძელებს ბოლომდე. ეს ბრძოლა არის მართალი. მელია დღეს წარმოადგენს საქართველოს ხალხს. საქართველოს ხალხს ვერ დააჩოქებს ბიძინა ივანიშვილი.
ამ წუთის ჩვენი პოზიციაა, არავინ ნიკა მელიას გარემოცვიდან მასთან დაკავშირებით არ გადაიხდის გირაოს. ყველა არის მკაცრად გაფრთხილებული. ეს იქნება ღალატი იმ პოზიციების, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ნიკა მელია არ აპირებს, არც მასთან ასოცირებული არც ერთი ადამიანი, გადაიხადოს გირაო. გირაოს გადახდა მხოლოდ და დმხოლოდ იქნება ინსცენირება, ვითომ გადაიხადა ვინმემ მელიას გარშემო. ეს აწყობს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. ეს იქნება მისთვის გამოსავალი, ნიკა მელია არ დაიჭიროს და ვერ დაიჭიროს. ეს იქნება მისთვის სახის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება, რომ ნიკა მელიას ის ვერ დაიჭერს. მტკიცე პოზიციაა, სადაც ისმევა წერტილი. ნიკა მელია, მასთან ასოცირებული არავინ არ აპირებს გირაოს გადახას“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.
თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.
გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.
ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.