გიორგი ჩალაძე - „ვივამედის“ ექიმების ბრიფინგზე ზუსტად იმავე შედეგს მივიღებდით, ნებისმიერი დაწესებულების დარაჯი რომ დაეყენებინათ, მათ შეასრულეს პარტიული დავალება
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის, გიორგი ჩალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ განცხადებები მიუთითებს მცდელობაზე, სახელმწიფომ მოიხსნას პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზე.
„მინდა, გამოვეხმაურო ქალბატონი ზახაროვასა და „ქართული ოცნების“ განცხადებებს. ეს არის განცხადება, რომლითაც პირდაპირ პასუხისმგებლობის მოხსნა ხდება პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის და მისი სასიკვდილო განაჩენის შესახებ. მინდა, ვუთხრა „ქართულ ოცნებას“ და ქალბატონ ზახაროვას, რომ დღევანდელი განცხადებები არაფერია, თუ არა უბადრუკი მცდელობა, სახელმწიფომ მოიხსნას პასუხისმგებლობა იმ რთულ მდგომარეობაზე, რომელიც აქვს“, – აღნიშნა გიორგი ჩალაძემ.
ამასთან, ჩალაძის თქმით, ექიმმა თამარ დავარაშვილმა დღეს დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის კუთხით ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
„დინამიკა მიმართულია გაუარესებისკენ და ერთი ნაბიჯი გვაშორებს რეანიმაციულ ან სასიკვდილო შედეგის დადგომას. მესამეჯერ გაკეთდა განცხადება, რომ კლინიკა მეტს ვეღარაფერს გააკეთებს, ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ.
ქართულმა მედიცინამ ამოწურა თავისი რესურსი. ყველაზე მნიშვნელოვანი, პასუხისმგებლობის გადატანა ბატონი სააკაშვილის მიმართ არის სირცხვილი და არ გამოდგება არც ამ სასამართლოში, არც უცხოურ სასამართლოში. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ყველანაირი განცხადების მიუხედავად, პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს, ჩვენს ქვეყანას და მოქმედ ხელისუფლებას.
პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის „ქართული ოცნების“ და ჩვენი სახელმწიფოს კისერზე. ეს აღნიშნულია ყველა საერთაშორისო დასკვნაში. შემიძლია, იგივე გავიმეორო და მოვუწოდო ყველას, ნუ სპეკულირებთ ბატონი სააკაშვილის სიცოცხლით, მისი ჯანმრთელობით“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
ჩალაძე კლინიკა „ვივამედის“ ექიმების ბრიფინგთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ბრიფინგი ვისი პირით იყო ჩატარებული.
„ამ ბრიფინგზე ზუსტად იმავე შედეგს მივიღებდით, მაგალითად, დარაჯი ან ნებისმიერი დაწესებულების ღამის მორიგე რომ დაეყენებინათ, მათ შეასრულეს პარტიული დავალება“, – აღნიშნა გიორგი ჩალაძემ.