გიორგი ჩალაძე - სტრასბურგში ბრძოლა გრძელდება, ბრძოლის ველი გაფართოებულია, ბრძოლა შედგება ყველგან, სადაც საღ აზრს, ადამიანის უფლებებს ებრძვის რუსეთი და პუტინი
გიორგი ჩალაძე - სტრასბურგში ბრძოლა გრძელდება, ბრძოლის ველი გაფართოებულია, ბრძოლა შედგება ყველგან, სადაც საღ აზრს, ადამიანის უფლებებს ებრძვის რუსეთი და პუტინი

სტრასბურგში ბრძოლა გრძელდება. ბრძოლის ველი გაფართოებულია და ბრძოლა შედგება ყველგან, სადაც საღ აზრს, ადამიანის უფლებებს ებრძვის რუსეთი და პუტინი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილება არ ასახავს იმას, რომ სააკაშვილის უფლებები არ არის დარღვეული. როგორც ჩალაძე ამბობს, ამის შესახებ განხილვა არ ყოფილა.

„ტყუილია ბატონი რატის განცხადება, რომ ჩვენ მოვითხოვეთ სააკაშვილის სადმე გადაყვანა. ასევე, ტყუილი იქნება ნებისმიერი მცდელობა, სტრასბურგის გადაწყვეტილება შეფასდეს ისე, თითქოს სააკაშვილის უფლებები არ არის დარღვეული. დღევანდელი გადაწყვეტილება არსად ასახავს, რომ სააკაშვილის უფლებები არ არის დარღვეული. ამის შესახებ განხილვა არ ყოფილა. ასევე არ ყოფილა ადეკვატურობის შეფასება განვლილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რაც სააკაშვილის მიმართ არის ჩატარებული. ეს ყველაფერი მოხდება მთავარი საქმის განხილვის დროს, რომელიც გზაშია და სტრასბურგი ამ საქმეს განიხილავს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები მათი პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენას ძალიან მალე ერთად შევძლებთ.

ახლა ჩვენი მთავარი მიზანია, ვიმოქმედოთ ერთიანად, სტრატეგიულად, სწორად, ემოციებისა და უკანდახევის გარეშე. ჩვენი გზა არის სიმართლე. სააკაშვილი ციხეში ზის მხოლოდ იმის გამო, რომ 2008 წელს საქართველოს დროშა არ შეცვალა რუსეთის დროშით. წელიწად-ნახევარია, საქართველო უყურებს, როგორ აწამებს რუსეთი. სააკაშვილი არის საბრძოლო განწყობაზე, ყველაფერს გააკეთებს, რათა თავისი უფლებები იყოს დაცული. მისი გუნდი არცერთი ნაბიჯით დაიხევს უკან. პრეზიდენტის უფლებები დაცული იქნება ისე, როგორც შეეფერება სააკაშვილს. ჩვენ ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ ბოლომდე, რომ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა უზრუნველვყოთ“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.