გიორგი ჩალაძე - სამწუხაროა, რომ პენიტენციურ სამსახურს სასამართლოსთვის დღემდე არ წარუდგენია სააკაშვილის საქმეზე მასალები, ეს, პირველ რიგში, უპატივცემულობას გამოხატავს
სამწუხაროა, რომ პენიტენციურ სამსახურს დღემდე არ წარუდგენია პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეზე მასალები სასამართლოსთვის, ეს, პირველ რიგში, უპატივცემულობას გამოხატავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა.
აღნიშნულის შესახებ ჩალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომლის მიხედვითაც, მოსამართლემ განაცხადა, რომ სააკაშვილის საქმის განხილვას მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში აპირებს.
„მოსამართლე რასაც ამბობს, ძალიან ლოგიკურია. მან ძალიან სწორად აღნიშნა, რომ ჯანმრთელობას რადგან ეხება საქმე, შევიწროებულ, გონივრულ ვადებში უნდა ჩატარდეს სხდომა, მივესალმები ამ განწყობას. ასევე, მივესალმები განწყობას, რომ პროცესი უნდა ჩატარდეს წმინდა სამართლებრივად, უნდა იყოს პოლიტიკისგან დაცლილი. ეს განწყობა დავინახე და მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ასე გაგრძელდება და არაფერი შეიცვლება. სამწუხაროა, რომ პენიტენციურ სამსახურს სასამართლოსთვის დღემდე არ წარუდგენია პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეზე მასალები. ეს უპატივცემულობას გამოხატავს და ხომ არ ემსახურება რაიმე სხვა მიზანს? რაც ბატონმა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ რამდენჯერმე თქვა, რომ ხელშეწყობა იქნებოდა, გათვალისწინებული იქნებოდა კანონის მოთხოვნები, ასე დარჩება და არ გადავა პოლიტიკურ ჭრილში. ამ წუთას რომ არ არის საქმის მასალები, ეს აჩენს ძალიან დიდ კითხვის ნიშანს, არის თუ არა ეს პოლიტიკური დამოკიდებულება, თუ ასეა, სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. კონკრეტული შუამდგომლობა არის მისი ამჟამინდელი მდგომარეობის თაობაზე და არა იმაზე, მოწამლულია თუ არა. სხვა არაფერზეა საუბარი, გარდა შეტანილი მასალებით მოსამართლის გადაწყვეტილებისა, პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა შეესაბამება თუ არა იმ მოთხოვნებს, რაც მის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ჩალაძემ.