გიორგი ჩალაძე - სააკაშვილის პალატის ფანჯარასთან აყენია მანქანა, ის ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რომელიც იწვევს ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ჩალაძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს.
ჩალაძის თქმით, მისი გამოსხივება სულ მცირე 100 მეტრის რადიუსით სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს.
გიორგი ჩალაძის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავს.
„ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. რუსულად, ჩვენი მთავრობისთვის გასაგებ ენაზე ეს არის ე.წ. სისტემა კუპოლი, ანუ გუმბათი. მისი გამოსხივება სულ მცირე 100 მეტრის რადიუსით სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს. ჩვენი კადრებით ერთ კილომეტრზეა დაფიქსირებული ეს გამოსხივება. იწვევს სისხლის გათეთრებიდან დაწყებული ფსიქოლოგიური აშლილობით დამთავრებული. ეს იწვევს ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ადამიანის ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს. ამას შეუძლია, მოკლას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. ამას შეუძლია, მოკლას ყველა, ვინც კონკრეტულად ამ ფანჯრებთან, ამ მანქანასთან 100 მეტრის რადიუსში იმყოფება. ეს განცხადება არ არის სათამაშო. ეს მანქანა იმ წუთიდან, რაც მიშა სააკაშვილი გადმოყვანილია გორში, მისი პალატის ქვევით აყენია. გამოსხივების მოქმედება განსაკუთრებით ძლიერდება ავტომობილის ანტენების ზემოთ რადიუსზე. რომ შევადაროთ, რამდენად ძლიერია გამოსხივება, ქალაქის მასშტაბით დაყენებული ჯიესემის ანტენები ასხივებს 18 ვატის გამოსხივებას, ამ მანქანის სიმძლავრე არის არანაკლებ 200 ვატისა. თავად შეაფასეთ, როგორ კლავს ჩვენი ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს“, – აღნიშნა გიორგი ჩალაძემ.
გიორგი ჩალაძე სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„მინდა, გამოვიყენო შანსი და ჩვენი ქვეყნის სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ვთხოვო, შეისწავლოს ეს ფაქტი, რომელიც დასტურდება დღეს გადაღებული კადრებით. ეს არის ავთენტური კადრები, ჩემ მიერ გადაღებული. ვთხოვ ჩვენს დიპკორპუსს, მოახდინოს ამაზე უმკაცრესი რეაქცია. არ იკმარეს, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი აწამეს, ახლა პირდაპირ ახდენენ მასზე ზემოქმედებას და კლავენ რადიოტალღების, რადიოგამოსხივების მეშვეობით. ეს არის მაგნიტური ველი, რომელიც მომაკვდინებელია ყველა ადამიანისთვის, ვინც 100 მეტრის რადიუსით არის. ყველა თანამშრომელის, ვინც ამ შენობშია, სიცოცხლე არის საფრთხის ქვეშ. ეს არის დასხივება, ფაქტობრივად რენდგენის სხივი 24 საათის განმავლობაში ჩართული. ეს არის სპეცსამსახურების მიერ გამოყენებული მანქანა ე.წ. გუმბათი, რომელიც ამას ასხივებს. დანარჩენი ტეექნიკური დეტალები, ვინ გაზომა, როგორ გაზომა, რა მანქანაა, თქვენ გაქვთ კადრები, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ნებისმიერ სამხედრო ექსპერტს, საქმეში ჩახედულ ნებისმიერ ადამიანს და თავად მიხვდებით, რასთან გაქვთ საქმე. ეს კადრები არის ჩემ მიერ, დღეს გადაღებული. ეს ავტომობილი ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს იმ წუთიდან, რაც მიშა სააკაშვილი ამ საავადმყოფოშია გადმოყვანილი. ამ მანქანის საშუალებით ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ. ეს მანქანა ადგილზე დგას“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ, რომელმაც შესაბამისი ვიდეომასალა გაავრცელა.