გიორგი ჩალაძე - რეზოლუციას უნდა შევხედოთ, როგორც შესაძლებლობას, ყველა ოჯახმა მიიღოს სიკეთე, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს, „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო შანსია, ქვეყანა დააბრუნოს ევროპულ გზაზე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია მნიშვნელოვანია ყველასთვის და „ქართული ოცნების“ მხრიდან უნდა გადაიდგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, რათა საქართველო დაბრუნდეს ევროპულ გზაზე.
„დავიწყებ ევროპარლამენტის რეზოლუციით. მათ აქვთ უპრეცედენტო სურვილი, მიგვიღონ იმ ოჯახში, რომელსაც დემოკრატიული ევროპის ოჯახი ჰქვია. ეს რეზოლუცია ყველასთვის მნიშვნელოვანია. ყურადღება უნდა გადავიტანოთ მნიშვნელოვან ფაქტზე, რომ აქ ხაზგასმითაა აღნიშნული ის წინაღობა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ხელს უშლის ევროპაში შესვლაში, ევროკავშირთან ასოცირებაში და ყველა იმ სიკეთის მისაღებაში, რასაც ევროპა გვთავაზობს.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა მოგვარდეს: პრეზიდენტ სააკაშვილის უკანონო და უსამართლო, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სამარცხვინო პატიმრობა და ამ პატიმრობის მიზეზი ძალიან კარგადაა ახსნილი, ეს არის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირადი ვენდეტა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ჩვენ ამ რეზოლუციას უნდა შევხედოთ, როგორც შესაძლებლობას, რომ ყველა ჩვენმა ოჯახმა მიიღოს ის სიკეთე, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს და ჩვენ უნდა გადავდგათ სწორი ნაბიჯი. „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის ერთი და ბოლო შანსი, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და ქვეყანა დააბრუნოს ევროპულ გზაზე. იმედი მაქვს, ამას გაიგებს საქართველოს ხელისუფლება და ძალიან მალე მოჰყვება ქმედითი ნაბიჯები“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.